დღეიდან 11 აპრილიდან, მედიკამენტების გამოწერის გენერიკული სისტემა ამოქმედდა. ეს ნიშნავს იმას, რომ აქამდე ექიმი წერდა იმ მედიკამენტს, რომელიც მიაჩნდა ეფექტიანად კონკრეტული პაციენტისთვის, პაციენტი კი მიდიოდა და ფასის მიუხედავად ყიდულობდა დანიშნულ წამალს. ცვლილების შემდეგ კი ექიმი კვლავაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი აქტიური ნივთიერება უნდა გამოუწეროს პაციენტს, შესაბამისი დოზით და დანიშნულებით, თუმცა აფთიაქში მისული მომხმარებლის წინაშე ფარმაცევტს ექნება ვალდებულება, მას მისცეს არჩევანის შესაძლებლობა. არჩევანი უნდა მოხდეს ხარისხიან და ერთმანეთთან შედარებად მედიკამენტებს შორის, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთის ჩანაცვლება. ჩამნაცვლებელი მედიკამენტების სია, ე.წ. პოზიტიური სია უკვე არსებობს და მასში 4 ათასამდე მედიკამენტი შედის.
ცვლილება არ შეეხება ვიწრო თერაპიული ინდექსის მედიკამენტებს, რომლებსაც იმდენად სპეციფიკური დოზირება სჭირდება, რომ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, ასევეა კომბინირებული მედიკამენტები და მედიკამენტები, რომლებიც ჯერჯერობით ბიოექვივალენტობის მტკიცებულებას ვერ აკმაყოფილებს. მათ ექიმი ისევ სავაჭრო და არა აქტიური შემადგენლობის დასახელებით გამოწერს.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ურთიერთჩანაცვლებადია მედიკამენტები, რომლებიც წარმოებულია მაღალი სანდოობის ქვეყნები – აქვთ „ჯიემპი“ სტანდარტი და ბიოექვივალენტობის მახასიათებლები.
შეგახსენებთ, რომ სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება. ექიმმა მედიკამენტის რეცეპტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით უნდა გამოწეროს და არა სავაჭრო დასახელებით. ფარმაცევტი კი ვალდებულია, მომხმარებელს აღნიშნული მედიკამენტის სამი შემცვლელი წამალი შესთავაზოს. ფასის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით, პაციენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი მედიკამენტი უნდა შეიძინოს.