მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რა პრინციპით იმუშავებს „გენერიკული“ რეცეპტები – განმარტება

რა პრინციპით იმუშავებს „გენერიკული“ რეცეპტები – განმარტება

როგორ იმუშავებს „გენერიკული რეცეპტების“ პროგრამა, რომელიც 11 აპრილიდან ამოქმედდება. განმარტებები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი თქმით, ე.წ. გენერიკული  მედიკამენტის გამოწერა იძლევა საშუალებას, ყიდვის მომენტში პაციენტს ჰქონდეს არჩევნის საშუალება ფასის გათვალისწინებით.

გაბუნიას განმარტებით, აქამდე ექიმი წერდა იმ მედიკამენტს, რომელიც მიაჩნდა ეფექტიანად კონკრეტული პაციენტისთვის, პაციენტი კი მიდიოდა და ფასის მიუხედავად ყიდულობდა დანიშნულ წამალს.  ცვლილების შემდეგ კი ექიმი კვლავაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი აქტიური ნივთიერება უნდა გამოუწეროს პაციენტს, შესაბამისი დოზით და დანიშნულებით, თუმცა აფთიაქში მისული მომხმარებლის წინაშე ფარმაცევტს ექნება ვალდებულება, მას მისცეს არჩევანის შესაძლებლობა. არჩევანი უნდა მოხდეს ხარისხიან და ერთმანეთთან შედარებად მედიკამენტებს შორის, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთის ჩანაცვლება. თუ არ შეუძლია, ასეთი მედიკამენტი პოზიტიურ (ანუ ჩანაცვლებადი მედიკამენტების) სიაში ვერ მოხვდება. როგორც გაბუნია განმარტავს, ასეთია მაგალითად ვიწრო თერაპიული ინდექსის მედიკამენტები, რომლებსაც იმდენად სპეციფიკური დოზირება სჭირდება, რომ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, ასევეა კომბინირებული მედიკამენტები და მედიკამენტები, რომლებიც ჯერჯერობით ბიოექვივალენტობის მტკიცებულებას ვერ აკმაყოფილებს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ურთიერთჩანაცვლებადია მედიკამენტები, რომლებიც წარმოებულია მაღალი სანდოობის ქვეყნები – აქვთ „ჯიემპი“ სტანდარტი და  ბიოექვივალენტობის მახასიათებლები.

„მოსალოდნელი დადებითი შედეგი უკავშირდება კონკურენციის გაზრდას, სისტემის გამჭვირვალობას და მომხმარებლის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ამცირებს სხვადასხვა შესაძლო არაჯანსაღი ფაქტორების გავლენას.

ელექტრონული რეცეპტის სისტემა გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ ფარმაცევტის მხრიდან რეცეპტების გაცემის პრაქტიკას და გამოვლინდება, თუკი რაიმე ტენდენციური დამოკიდებულება გამოიკვეთება. ამის მონიტორინგი ჩატარდება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა 11 აპრილიდან ამოქმედდება. სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება. ექიმმა მედიკამენტის რეცეპტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით უნდა გამოწეროს და არა სავაჭრო დასახელებით. ფარმაცევტი კი ვალდებულია, მომხმარებელს აღნიშნული მედიკამენტის სამი შემცვლელი წამალი შესთავაზოს. ფასის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით, პაციენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი მედიკამენტი უნდა შეიძინოს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …