მთავარი » კვირის ინტერვიუ » სისხლის ბანკებში მიმართვიანობა გაიზარდა – მიზეზი უკრაინელების დახმარების სურვილია

სისხლის ბანკებში მიმართვიანობა გაიზარდა – მიზეზი უკრაინელების დახმარების სურვილია

ინტერვიუ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორთან მეგი საჯაიასთან

– საქართველოში სისხლის მუდმივი დეფიციტია. უახლოეს პერიოდში სისხლის დონაციის სფეროში რეფორმის განხორციელებაც იგეგმება. რატომ ვერ მოხერხდა ქვეყანაში სისხლის დონორობის განვითარება?

– როგორც პაციენტთა უფლებების დამცველი, მრავალი წელია ვახორციელებ უანგარო დონაციის აქციებს. მსგავს აქციებს ახორციელებს ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ასევე გვაქვს პროექტი „ექიმები გვიზიარებენ სიცოცხლეს,“ რომლის ფარგლებში სისხლს გასცემენ მედიკოსები. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობის მხრიდან გამოხმაურება საკმაოდ დაბალი იყო. მცირე ჯგუფის გარდა, მოსახლეობაში, სამწუხაროდ, არ იყო იმის განცდა, რომ ეს თითოეული ჩვენთაგანის გასაკეთებელია, რათა ქვეყანაში სისხლის მარაგები მუდმივად არსებობდეს. სისხლის აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალურია საგანგებო მდგომარეობების დროს, როდესაც ხდება ავტოავარია, მშობიარობის შემდგომი გართულებები. გარდა ამისა, ყოველდღიურად უამრავ ონკოლოგიურ პაციენტს ესაჭიროება სისხლის გადასხმა. როდესაც სისხლის გადაუდებელი საჭიროება დგება, კლინიკებში ფორიაქი იწყება, რადგან ქვეყანაში მუდმივადაა სისხლის დეფიციტი. ასეთ დროს სოციალური ქსელებსა და ტელევიზიების საშუალებით კონკრეტული ჯგუფის სისხლის ჩაბარებისკენ მოწოდებები ვრცელდება.

– უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც სისხლის ბანკებში აცხადებენ, დონორების მიმართვიანობა გაიზარდა, რადგან მოსახლეობას სურს, როგორც შეუძლია, დაეხმაროს უკრაინელებს. რამდენად გაიზარდა აქტიურობა თქვენი კამპანიების ფარგლებში?

– დიახ, მსგავს სიტუაციაში საზოგადოებაში სოლიდარობა იზრდება და იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც გავრცელდა მოწოდება, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს და ზოგადად, დაშავებულებს სისხლი სჭირდებათ, საქართველოში ძალიან გააქტიურდა სისხლის ჩაბარების მსურველთა მომართვიანობა. საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე „მე ვარ დონორი“ ყოველდღიურად იწერებიან, გვიკავშირდებიან და გვთხოვენ დახმარებას, რომ დავაკავშიროთ სისხლის ბანკს. ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესახებ და ვეუბნებით, რომ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სპეციალურ ბაზაში. ადამიანები მონდომებულები არიან, რომ რაღაცნაირად დაეხმარონ უკრაინელებს.  თუმცა მინდა გითხრათ, რომ უკრაინელებს, რომლებიც საოცარი ხალხია, ამ მიმართულებით ნამდვილად არ უჭირთ და უკრაინის სისხლის ბანკმა განცხადებაც კი გაავრცელა, რომ ძალიან დიდი მიმართვიანობის გამო მოსახლეობას შეესვენა და ცოტა ხნით არ მისულიყვნენ სისხლის ჩასაბარებლად.

– სისხლის სხვა, ხელოვნური კომპონენტებით ჩანაცვლება შეუძლებელია?

– მედიცინის განვითარების მიუხედავად, სისხლის შემცვლელი ხსნარები არ არსებობს. ერთი სისხლის უანგარო დონაციით 3 ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლა აქტიურობენ უკრაინის დასახმარებლად, მინდა მოვუწოდო, რომ ყოველდღიურად სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში ძალიან ბევრი ბავშვი, ავტოავარიაში დაშავებული მოქალაქე თუ მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო უამრავი ქალია ჩართული. ქალისთვის სისხლის გადასხმის გარეშე ბევრი ბავშვი შესაძლოა დედის გარეშე დარჩეს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ცხელი ხაზი, სადაც უკრაინელებისთვის სისხლის ჩაბარების მსურველები რეგისდტრირდებიან. ჩვენ მათ  ვუხსნით, რომ უკრაინაში სისხლის გაგზავნა სახელმწიფოს პრეროგატივაა. ასევე ვუხსნით, რომ ჩვენც გვაქვს სისხლის დეფიციტი, რადგან ქართველებიც იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად. ამის შემდეგ დონორები სიამოვნებით მიდიან და აბარებენ სისხლს. დარწმუნებული ვარ, უკრაინის მოვლენები საზოგადოებაში სისხლის უანგარო დონაციის კუთხით ცნობიერების ამაღლებას გამოიწვევს და ადამიანები დაიწყებენ უანგარო დონორობას.

– ზოგადად, ფორსმაჟორულ მდგომარეობას ალბათ ახასიათებს სისხლის დონორობის პოპულარობის გაძლიერება. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია, რომ ეს ადამიანები მუდმივ დონორებად დარჩნენ?

– აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს ძალიან ბევრი აბარებდა სისხლს, მაგრამ რადგან ამ პროდუქტს შენახვის შეზღუდული ვადები აქვს,  ის მალევე ფუჭდებოდა. სწორედ ამიტომ მუდმივად უნდა იყოს მარაგები, ჩვენ გვჭირდება რეგულარული და, რაც მთავარია, უანგარო დონორები. სწორედ უანგარო დონორობაა მნიშვნელოვანი, რადგან უანგარო დონორი, რომელიც სისხლის გაღებისთვის არ იღებს თანხას, არის გულწრფელი, არ აქვს არანაირი ინტერესი და არ მალავს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც, შესაძლოა, მისი სისხლის გადასხმის შედეგად პაციენტს შეექმნას.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

დავით გადელია: ორ-სამ ქორწილსაც შეუძლია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კოლაფსი გამოიწვიოს

ინტერვიუ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურ დირექტორ დავით გადელიასთან –  ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ქვეყანამ ყველაფერი …