ინფექციონისტი გია დეისაძე, ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის თემას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ამჟამად ანტიბიოტიკები რეცეტის გარეშე აღარ გაიცემა, არის შესანიშნავი და მისასალმებელი.
„მედიკამენტების რეცეპტით გაცემის რეგულაციის შემოღებამდე ადამიანები ანტიბიოტიკებს თვითდანიშნულებით იღებდნენ, შეიძლება ითქვას, ანგარიშმიუცემლად ყლაპავდნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელი პრაქტიკაა. რაც შეეხება ექიმების მიერ დანიშნულ ანტიბიოტიკოთეარპიას, ეს უკვე კონკრეტული ექიმის კვალიფიკაციასა და მისი სწორ ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, აუცილებელი და საინტერესო იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით მასშტაბური კვლევის ჩატარება და შედეგების ნახვა“, – მიაჩნია დეისაძეს.
„სწორად დანიშნულ ანტიბიოტიკს თუ დადებითი ჩვენება აქვს, არასათანადო შემთხვევაში მას ორმაგად უარყოფითი შედეგის მოტანაც შეუძლია.
ამ თემაზე მედპერსონალს, განსაკუთრებით კი პირველადი რგოლის ექიმებს უნდა უტარდებოდეთ შესაბამისი ტრენინგები, ვინაიდან სწორედ მათ უწევთ პირველ რიგში ამბულატორიული პაციენტების მიღება. პაციენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ ვირუსული დაავადების დროს ანტიბიოტიკი არ ინიშნება, თუ არ არის რაიმე გართულება ან ფონური დაავადება, რომელმაც შეიძლება გართულება გამოიწვიოსს. გრიპის დროს, თუ არ არსებობს პნევმონია ან ბაქტერიული ინფექცია, ანტიბიოტიკის მიღება არ არის საჭირო“, – ამბობს გია დეისაძე.
გია დეისაძე საუბარში მედიკამენტების ხარისხის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წამლის ხარისხი ქვეყანაში გარანტირებული უნდა იყოს და ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს.
„რაც შეეხება, ზოგადად, მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ წამლის ხარისხი გარანტირებული უნდა იყოს ქვეყანაში. ამის გარანტი მოსახლეობის წინაშე უნდა იყოს სახელმწიფო, იმიტომ, რომ კომერციული სტრუქტურები დაინტერესებული არიან გაყიდვების ზრდით, ხოლო ხარისხის კონტროლი უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს დასმული სწორედ სახელმწიფოს მიერ. ამისთვის არსებობს ლიცენზირება, სხვადასხვა კვლევები და ლაბორატორიები.
მეორე საკითხია, რამდენად სანდო იქნება ესა თუ ის ლაბორატორია, რომელიც ხარისხს შეამოწმებს. ეს ისეთი რამ არის, რომლის დარეგულირებაც კერძო სტრუქტურას გაუჭირდება. ეს სახელმწიფო ზრუნვის საკითხია. შესაძლოა, მძიმე ტვირთია, მაგრამ აუცილებელი”,- აღნიშნა გია დეისაძემ.