მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჩეხეთი ბათუმის და რუხის ჰოსპიტლებს ონკო-გინეკოლოგიური სერვისების განვითარებაში დაეხმარება

ჩეხეთი ბათუმის და რუხის ჰოსპიტლებს ონკო-გინეკოლოგიური სერვისების განვითარებაში დაეხმარება

დასავლეთ საქართველოში ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული თანამშრომლობა, რომელსაც ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი, დასავლეთ საქართველოში ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტით დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენასა და გადაცემას ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის, რათა ამ უკანასკნელმა მის მმართველობაში არსებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და რუხის ჰოსპიტალში ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა უზრუნველყოს. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხსენებული ჰოსპიტლების შერჩეული სამედიცინო პერსონალისა და დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს.

“საქართველოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამიტომ მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიზრდება როგორც ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხი სახელმწიფო ჰოსპიტლებში, ისე პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა სოფლის ამბულატორიებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან პარტნიორობა საზოგადოებისთვის დადებით შედეგებს მოიტანს.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინტერვენციის დაფინანსებისთვის“ – განაცხადა იან  ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი სახელმწიფო კლინიკებისთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩვენი კლინიკები მიიღებენ. ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა, რაც ითვალისწინებს ჩვენი კლინიკების შესაბამის აღჭურვას და პერსონალის გადამზადებას, აჭარასა და სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან მკურნალობას.

ასევე, გაიზრდება დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შანსები, რაც შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

მადლობას ვუხდით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ეს პროექტი ხორციელდება.“ – განაცხადა თეიმურაზ კაპანაძემ, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10000-11000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთაგან 56% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ათეულში შედის. დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი მიმართულია სკრინინგული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საქართველოს რეგიონებში გაწეული ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. პროექტის ბიუჯეტი 205 000 ევროს შეადგენს, რომლის 70% ხსენებული სახელმწიფო კლინიკების აღჭურვაზეა მიმართული.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …