უკრაინის მიმართ რუსული სამხედრო აგრესიის პირობებში, სხვადასხვა ბიზნესსექტორთან ერთად, უკრაინის მოქალაქეებს სიმბოლურ და პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს საქართველოში მოქმედი კლინიკების ნაწილიც.
ევექსი ჰოსპიტლებმა ჯერ კიდევ 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს კონსულტაციებსა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უსასყიდლოდ გაუწევს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო მომსახურების მიღება საქართველოს მასშტაბით ქსელის 18-ვე ჰოსპიტალშია შესაძლებელი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად სპეციალურად უკრაინის მოქალაქეებისთვის 24 საათიან რეჟიმში ცხელი ხაზი +(995 032) 2 600 600 ამოქმედდა.
უკრაინელ ხალხს დახმარებას სთავაზობს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაც“.
„ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ადამიანებს, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო, მოუწიათ საქართველოში დარჩენა, საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ!“ – აცხადებენ „პინეოში“, კლინიკის ტელეფონის ნომერია:
032 2 24 44 55, მისამართი: თბილისი, გორგასლის #93.
26 თებერვლიდან, 10 დღის განმავლობაში, უკრაინის მოქალაქეებს პეკინის გამზ #28-ში მდებარე ამბულატორიაში არსებულ ყველა მომსახურებას უფასოდ სთავაზობს დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი. ტელეფონი: 032 2 305 305.