სადაზღვევო კომპანიებზე დატვირთვა დღითიდღე იზრდება. მსუბუქად მიმდინარე ომიკრონის მეექვსე ტალღის პირობებში პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ოჯახის ექიმები მართავენ. ინფიცირების 16-17 ათასი ახალი შემთხვევის პირობებში კი აქტიურ დაავადებულთა რაოდენობა რეკორდულია და თითქმის 100 ათასს უახლოვდება. მათგან კლინიკებში მხოლოდ 4600 პაციენტია, 94 ათასზე მეტ ინფიცირებულს კი ოჯახის ექიმები მართავენ, რომელთა რაოდენობაც ჯამში 2500-ია. შესაბამისად, ერთ ოჯახის ექიმზე საშუალოდ 38 პაციენტი მოდის.
ამის გამო, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომელთა მომხმარებლებსაც სხვადასხვა კლინიკების ოჯახის ექიმები ემსახურებიან. ცალკეული კომპანიები გამოსავალს ინდივიდუალურ რეჟიმში ეძებენ, თუმცა მათი საერთო პოზიციაა, რომ შეიცვალოს მსუბუქი პაციენტების მართვის გაიდლაინი, რაც ოჯახის ექიმებს ვალდებულებებს შეუმსუბუქებს. ისინი ასევე ითხოვენ, განხილულ იქნას გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერება ქვეყნის მასშტაბით. ამ თემაზე მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან შეხვედრაც გამართეს, თუმცა როგორი იქნება უწყების გადაწყვეტილება – ჯერ უცნობია.
ვიდრე ცვლილებები ეროვნულ დონეზე მოხდება, კერძო კომპანიები უპრეცედენტოდ გაზრდილი მიმართვიანობის დაკმაყოფილებას სხვადასხვა გზით ცდილობენ.
:ჯიპიაი ჰოლდინგმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიასთან დაკავშირება გართულებულია. ამიტომ ვინც ცხელი ხაზის ნომერზე დაკავშირებას ვერ ახერხებს, სთავაზობენ Facebook გვერდზე – პირად შეტყობინებაში მიწერას. ასევე, აქტიურია კოვიდ პორტალი – https://covid.gpih.ge/ სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია და მონაცემების დატოვება, რომ პირადი ექიმი ინფიცირებულს თავად დაუკავშირდეს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზღვეულთა მომართვიანობა სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდის ფონზე, ქოლ-ცენტრის დეპარტამენტი 24 საათიანი დატვირთვით მუშაობს.
„მომართვიანობა განსაკუთრებით დიდია ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირების თხოვნით. ჩვენს დაზღვეულებს ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ მათი მონაცემების 112-ის ერთიან ბაზაში მოხვედრას გარკეული დრო სჭირდება, ზოგჯერ – ერთი-ორი დღეც, ჩვენს ექიმებს კი მხოლოდ ამ ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ გადმოეცემათ ინფორმაცია პაციენტზე, ამის გამო შესაძლოა ექიმის რეაგირების დრო გახანგრძლივდეს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. პაციენტებს ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ ამ სიტუაციას, რომელიც დროებითია და დარწმუნებულები ვართ, პიკური პერიოდის შემდეგ გადაივლის”, – აცხადებს თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი.
კოვიდის მზარდი რაოდენობის გამო ცვლილებები მოხდა „თიბისი დაზღვევის“ მომსახურებაშიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სტრატეგიული პარტნიორი კლინიკა “რეიმანი” საკუთარი ქოლცენტრის დახმარებით ახერხებს მათი დაზღვეულების მომსახურებას. შესაბამისად დეფიციტის პრობლემა ამ ეტაპზე შეძლებისდაგვარად გადალახულია.