მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ჰოსპიტალურ ხარჯში დიდ დანაზოგს არ უნდა ველოდოთ“ – „ევექსი“ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შესახებ

„ჰოსპიტალურ ხარჯში დიდ დანაზოგს არ უნდა ველოდოთ“ – „ევექსი“ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შესახებ

სამედიცინო ჰოსპიტალურ ხარჯში დიდ დანაზოგს არ უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა გადაცემა Forbes Health-ში თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეფორმა შესაძლოა სამედიცინო მომსახურების ხარჯის მხოლოდ 3%-ს შეეხოს.

„ზოგადად, ჰოსპიტალურ მომსახურებაში მედიკამენტების და სახარჯი მასალების ხარჯის წილი 30%-მდეა. მთლიანად ქვეყნის მედიკამენტების დანახარჯის რა წილიც არ უნდა შემოვიდეს თურქეთიდან ქვეყანაში, ეს ვერ იქნება საბოლოო ჯამში, ყველაზე მაღალი რიცხვი რომ ვთქვა, 10%-იც კი. რეალურად, მთლიანად სამედიცინო მომსახურების ხარჯის სტრუქტურაში შესაძლებელია ეს 3%-ს შეეხოს. შესაბამისად, მარტივია დავასკვნათ, რომ რაიმე დიდ დანაზოგს სამედიცინო ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯში არ უნდა ველოდოთ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხარჯის სტრუქტურაში გვაქვს გამწვავებული პრობლემა – ტარიფიკაციის საკითხი, რომელზეც სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობდით და იმედია ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა მინდიაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის პარალელურად, ტარიფები არ გადახედილა, შესაბამისად იმდენად დიდია დარტყმა, რაც სექტორმა მიიღო, რომ ამის ფონზე ის პოტენციური დანაზოგი, რაც შეიძლება ახალმა რეფორმამ მოგვცეს, არის ძალიან მცირე.

საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვებული გახდა. “თურქეთის ბაზრის გახსნის” გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე აკრედიტებულია, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების მედიკამენტები, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ წამლების ფასი ქვეყანაში შემცირდება.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …