„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის ბენეფიციარებს კლინიკაში გადაუდებელი ქირურგიული, კარდიოქირურგიული, ქიმიოთერაპიის და სხვა სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლიათ. ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკიდან აცნობეს. ამასთან, მათივე თქმით, რუტინული ამბულატორიული ანალიზები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ტარდება.
კლინიკაში ასევე ამბობენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზა, რომელიც მანამდე ჩაკეტილი იყო, გასული წლის 24 დეკემბრიდან გაიხსნა და ახლა საშუალება აქვთ, მომხმარებელს სახელმწიფო დაფინანსებითაც მოემსახურონ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მომსახურების ფასები ქართული ბაზრის შესწავლის შედეგად განისაზღვრა და ეს არ იქნება საქართველოში არსებულ ტარიფებზე მაღალი. ამასთან, კლინიკაში საქართველოში მომუშავე, საუკეთესო სპეციალისტები, მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩნენ.
ჰოსპიტალში 200 საწოლია, საიდანაც 183 ქირურგიულია, დანარჩენი კი რეანიმაციის.
კლინიკაში განსაკუთრებულ აქცენტს ინფექციების მართვაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამ კუთხით უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებენ, რაშიც განსაკუთრებულ როლს სავენტილაციო სისტემები ასრულებს. ჰოსპიტალში ამბობენ, რომ კლინიკებში ინფექციების კონტროლი საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთერთი მთავარი გამოწვევაა და მათთან აღნიშნული საფრთხე მინიმუმამდე იქნება შემცირებული.
შეგახსენებთ: ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა, გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული.
პროექტის საერთო ღირებულება და შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
ინვესტიციის დიდი ნაწილი – დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.
დაწესებულება გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას. კლინიკა უშანგი ჩხეიძის ქ.17-შია განთავსებული.