არ გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტებს საქართველო იმ რაოდენობით მიიღებს, რომ ყველა პაციენტს ეყოს. ამიტომ აქცენტი ისევ და ისევ ვაქცინაციაზე უნდა გაკეთდეს, მით უფრო, რომ მსუბუქად მიმდინარე კორონავირუსიც კი ადამიანის ორგანიზმში ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, „ფაიზერის“ მედიკამენტ „პაქსლოვიდზე“ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა, რადგან ეს მედიკამენტი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს 5-დღიანი მკურნალობის შედეგად.
„დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ მედიკამენტის მცირე ნაწილი მაინც შემოვიდეს, რადგან რისკჯგუფებისთვის ეს იქნება შესაძლებლობა, დაიცვან თავი,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ: ჯანდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით, რამდენიმე კვირაში ქვეყანა „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებს მიიღებს.
„შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კოვიდის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანის გეგმებზე რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც ისაუბრა. მისი ტქმით, კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას.
„ვფიქრობთ, რომ როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება დასახელებულ მედიკამენტებს, „ფაიზერი“ გეგმავს, რომ მიმდინარე წელს Paxlovid-ის აბების წარმოების მოცულობა 50 მილიონ ერთეულამდე გაზარდოს. აღნიშნულ მედიკამენტს FDA-მ ავტორიზაცია დეკემბრის ბოლოს მიანიჭა. კომპანიის შეფასებით, ახალი წამლის მიღება შესაძლებელი იქნება კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ან ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, რისკის მქონე პაციენტებისთვის.
გასული წლის ნოემბრის დასაწყისში Pfizer-მა განაცხადა, რომ პრეპარატის კლინიკური კვლევების მეორე ფაზა დასრულდა და წამალმა კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის რისკები 89%-ით შეამცირა. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ცდების მონაწილეებს შორის გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დიდ ბრიტანეთში Covid-ის საწინააღმდეგო აბებმა „მოლნუპირავირმა“ კი აღიარება გასული წლის ნოემბერში მოიპოვა.
მოლნუპირავირის აბს დღეში ორჯერ აძლევენ რისკ-ჯგუფში შემავალ პაციენტებს, რომლებსაც კოვიდი მცირე ხნის წინ დაუდასტურდათ.
აღნიშნულმა მედიკამენტმა, რომელიც თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, კლინიკური კვლევების პროცესში ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი გაანახევრა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ამ წამლით მკურნალობამ სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის „თამაშის წესები შეცვალა“.
მოლნუპირავირი, რომელიც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck-მა, Sharp and Dohme (MSD)-მა და Ridgeback Biotherapeutics-მა შექმნეს, არის კოვიდის საწინააღმდეგო პირველი პერორალური ანტივირუსული პრეპარატი, რომლის მიღებაც აბების და არა ვენაში შეყვანის საშუალებითაა შესაძლებელი.
Merck-ში ამბობენ, რომ ეს მიდგომა ერთნაირად ეფექტიანს გახდის მკურნალობის პროცესს ვირუსის ახალი ვარიანტების პირობებშიც.
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ აბები გამოსაყენებლად დასაშვებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდპაციენტებში, რომლებსაც დამძიმების მინიმუმ ერთი ფაქტორი მაინც აქვთ. მათ შორისაა ჭარბი წონა, ასაკი, დიაბეტი ან გულის პრობლემები.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა კონტრაქტის ღირებულებას არ ასაჯაროებს. აშშ-ს მთავრობამ კი წინასწარი შესყიდვა განახორციელა და 1,7 მილიონ კურსში 1,2 მილიარდი დოლარი ანუ ერთ კურსში 700 დოლარი გადაიხადა.
პრეპარატის შეძენაზე კონტრაქტები გააფორმეს ავსტრალიამ, სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ.
მოლნუპირავირის კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც 775 პაციენტზე ჩატარდა, დაადასტურა, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ჰოსპიტალიზაცია პაციენტთა 7,3%-ს დასჭირდა. გარდაცვალების შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა.
კვლევის ავტორების განცხადებით, მოლნუპირავირის მიღება აუცილებელია სიმპტომების გამოვლენიდან მალევე, რათა მედიკამენტმა იმოქმედოს.