მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ინფექციური საავადმყოფოს ბედი ისევ გაურკვეველია – „ავერსში“ და ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ

ინფექციური საავადმყოფოს ბედი ისევ გაურკვეველია – „ავერსში“ და ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ

ინფექციური კლინიკის ბედი ისევ გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის მფლობელ „ავერსსა“ და ჯანდაცვის სამინისტროს შორის დადებულ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 31  დეკემბრამდე ჰქონდა, კლინიკა იგივე ტერიტორიაზე ფუნქციონირებას შეუფერხებლად აგრძელებს. როდის გადავა ახალ შენობაში – ამ ეტაპზე უცნობია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი წოწკოლაური შეცვალა.

ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში, სხვა საკითხებთან ერთად, სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური საავადმყოფოც შევიდა, თუმცა კლინიკასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.

„ავერსი ფარმას“ დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ გასული წლის 6 დეკემბერს jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანია აპირებდა, იანვრიდან საკუთრების უფლებით ესარგებლა. კითხვაზე, როგორ აპირებს „ავერსი ფარმა“ ტერიტორიით სარგებლობას იმ დროს, როცა იქ კლინიკა ფუნქციონირებს, ირაკლი ფურცელაძე ამბობს, რომ ამას პროტესტის გამოხატვისა და პოზიციის დაფიქსირების გზით გააკეთებდნენ. დღეს ფურძელაძე აცხადებს, რომ საქართველოში არ იმყოფება და საკითხთან დაკავშირებით კომენტარს რამდენიმე დღეში, დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

განმარტებებს არ აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. მინისტრის უკვე გადამდგარი მოადგილე გიორგი წოწკოლაური კი ამბობს, რომ ახალი შენობის სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი ისაა, რომ გამოცხადებული ტენდერით ბიზნესსუბიექტები არ დაინტერესდნენ და ტენდერი ჩაიშალა. ამიტომ გადაწყდა, შეთავაზება ლოტებად დაიყოს. თუმცა წოწკოლაურისთვის უცნობია, როგორ აპირებს ამ საკითხის მოგვარებას ახალი მინისტრი და ეს უკვე ჯანდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია –  თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას  ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა.
თუმცა პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.

გასულ წელს მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 40 მილიონი ლარის ღირებულებისაა. რემონტი მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პერსონალს მუშაობის სათანადო პირობები ჰქონდეს.თუმცა სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

„ავერსი ფარმას“ დირექტორმა ამასთან დაკავშირებით ირაკლი ფურცელაძემ jandacva.ge-სთვის 6 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …