მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის თურქული ფარმაცევტული ბაზრის სრული გახსნა – გამოხმაურება პრემიერის განცხადებაზე

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის თურქული ფარმაცევტული ბაზრის სრული გახსნა – გამოხმაურება პრემიერის განცხადებაზე

იანვრიდან ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვები დაიწყება – ამის შესახებ ფარმაცევტული ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, პროექტის მიზანია, ბაზრის რეგულაციები ევროპულთან დაახლოვდეს, თუმცა – გარკვეული ადაპტაციით.

ამასთან, კანონმა უნდა შექმნას მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გარანტიები, მოწოდების უწყვეტობა და როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური ხელმისაწვდომობა. მარგველაშვილის შეფასებით, ესაა რეფორმა, რომელიც ეტაპობრივად მნიშვნელოვან შედეგებთან მიგვიყვანს.

ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ დღეს ექიმები არიან არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან წნეხში, რაც ასევე რეგულაციებმა უნდა მოაწესრიგოს. კერძოდ, კომპანია და ექიმი, მართალია ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს, თუმცა ეს უნდა ემსახურებოდეს ექიმის მიერ ახალი მედიკამენტისა თუ დაავადების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის უწყვეტ სამედიცინო განათლებას და არა იმას, რომ კომპანიამ ექიმს თავისი მარკეტინგული ინტერესების გატარება აიძულოს.

„ეს სფერო ახლა სრულიად დერეგულირებულია. კანონში მხოლოდ ის წერია, რომ ექიმი ფარმაცევტულ სექტორთან არ უნდა შევიდეს გარიგებაში პირადი სარგებლის მიღების გამო, რაც პაციენტს ზიანს მიაყენებს. ეს ძალიან ფართო ცნებაა. უნდა ჩამოვაყალიბოთ თამაშის წესები, რაც მედიკამენტების საერთო მოხმარების შემცირებას მოიტანს და მოსახლეობას ამ კუთხით ხარჯებს შეუმცირებს,“ – განაცხადა ფარმაცევტული ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში ჯანდაცვაზე გაწეული მთელი ხარჯების 40%-ზე მეტი მედიკამენტებზე მოდის, მოსახლეობა კი ჯიბიდან ამ თანხების 90%-ს იხდის.

„ესაა მთავარი პრობლემა, რაც მოსახლეობის ფინანსურ დაზარალებას იწვევს და მისი გაღარიბების ერთერთი მიზეზია. ამ კუთხით სახელმწიფოს საყოველთაო პროგრამაში ჩართულობა იზრდება, თუმცა ის თავადვე აღიარებს, რომ ეს ცოტაა და ეს კომპონენტი უნდა გაიზარდოს,“- აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარების შემცირებისთვის აუცილებელია  ელექტრონული რეცეპტის შემოღება, რამაც შესაძლოა 6-8 თვეში ჯიბიდან დანახარჯები მნიშვნელოვნად შეამციროს, რასაც მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თურქეთიდან მედიკამენტების აკრძალული იმპორტის შესახებ, ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, 2019 წლის კანონით, არის ქვეყნების სია, საიდანაც მედიკამენტები შეგვიძლია შემოვიტანოთ გამარტივებულად. ეს ქვეყნები ერთი კრიტერიუმით შეირჩა – ამ სახელმწიფოებში უნდა იყოს ფარმაცევტული ბაზრის მკაცრი რეგულატორი. ეს პრინციპი იმის გამო აირჩა, რომ საქართველოში კონტროლის მექანიზმები სუსტია და სუსტი რეგულაციების პირობებში საზღვრების გახსნა საფრთხის შემცველია. თურქეთი კი, მარგველაშვილის თქმით, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მესამეა ფარმაცევტული ბაზრის ფალსიფიცირებული წილის სიდიდით – იქ ეს წილი ბაზრის 10%-ს შეადგენს.

„თურქეთი არ ითვლება მკაცრი რეგულატორის სისტემის მქონე ქვეყნად. ჩვენ კი ხარისხის ლაბორატორიაც არ გვაქვს და ამიტომ რისკები ძალიან დიდია. საჭიროა მსჯელობა და თურქული მოდელის იმ ნაწილის გადმოტანა, რომლის დანერგვაც შეგვიძლია,“ – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ფარმაცევტული პროდუქციის ფასებზე ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი დასახელებაა წამლის, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია, თუ ჩვენთან ღირს დავუშვათ 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში შეიძლება ღირდეს 1-2 ლარი და ეს არის წამლები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია.

„თურქეთში ძალიან განვითარებულია ფარმაცევტული სფერო, ბიზნესი. უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების შემოტანა, იმპორტი. დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს. ეს ერთი მაგალითი ვთქვი. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები. ეს მაგალითისთვის გითხარით. ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი და მე ახალს არაფერს ვაკეთებ. თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვერევი ბიზნესში, მაგრამ მთავარი მოტივაცია არის პირველი – ხალხი, მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა და შემდეგ – დანარჩენი სხვა. ეს გზა გაიარა ევროპამ. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, შესაბამისად რაც არის აპრობირებული, გამოცდილი და დადასტურებული ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. ახალი ველოსიპედის გამოგონებას ჩვენ აქ არ ვაპირებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მედიკამენტების ბაზარს დაარეგულირებენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასების დარეგულირებაზე საკუთარი მოსაზრებები ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო და მათგანაც საინტერესო მოსაზრებები მოისმინა.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …