ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტების ღირებულების ზრდის მთავარი მიზეზი მედიკამენტების მაღალი ფასებია. ამიტომ, ინფლაციის გაგრძელების შემთხვევაში კომპანიებს პაკეტების გაძვირება მომავალ წელსაც მოუწევთ.
ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა განაცხადა.
„გაწერილად, ფასების ზრდა არ გვაქვს დაგეგმილი – ჩვენი ინდივიდუალური პაკეტი წელს ცოტა გაძვირდა, თუმცა პირობებიც გაუმჯობესდა – დაემატა უცხოეთში დიაგნოზის გადამოწმების სერვისი. თუმცა, ზოგადად, ყველაზე პრობლემური არის მედიკამენტების ფასი, რომელსაც დაზღვევის პრემიაში ძირითადი წილი უჭირავს. პრობლემაა, რომ წლიდან წლამდე მედიკამენტების დანახარჯი არ იკლებს, პირიქით – მატულობს. ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა, მედიკამენტების გამოწერის დროს იყოს ალტერნატივა და ექიმებმა ბიუჯეტური მედიკამენტის, ჯენერიკების გამოწერაზე გააკეთონ აქცენტი, ეს შეამცირებს დანახარჯს და შევძლებთ დაზღვევის პრემიის შენარჩუნებას არსებულ ნიშნულზე,“- აღნიშნა სტამბოლიშვილმა.
შეგახსენებთ: საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 17% სარგებლობს. მოქალაქეთა დანარჩენი ნაწილი მთლიანად საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეა.