მთავარი » დაზღვევა » ჯიპიაი ჰოლდინგი: 2021 წელს სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა

ჯიპიაი ჰოლდინგი: 2021 წელს სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი „ბიზნესპარტნჯორთან“ 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კვლავ ინარჩუნებს ბაზრის ლიდერობას.

„2021 წელსაც დავხურავთ ყველაზე დიდი ბაზრის წილით და მყარი ფინანსური შედეგებით. სირთულეების მიუხედავად, კომპანიამ შეძლო ყოფილიყო წამყვანი არამხოლოდ მოზიდული პრემიის მაჩვენებლით, ინოვაციური პროდუქტების და მიდგომების დანერგვით, არამედ ლიკვიდურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლითაც – ეს კი, სადაზღვევო კომპანიის საკვანძო პარამეტრია და მიანიშნებს მტკიცე მმართველობით სისტემაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და კეთილსაიმედოობაზე.

მიგვაჩნია, რომ სწორედ მსგავს ტურბულენტურ გარემოშია აუცილებელი სადაზღვევო სექტორმა აჩვენოს სრული ფინანსური მზაობა და სიჯანსაღე, რომ გაუმკლავდეს რისკებს და გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი,“ – აცხადებს სტამბოლიშვილი.

მისივე განცხადებით, მეორე და მნიშვნელოვანი ასპექტი 2021 წელს იყო ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც დაიწყო 2020-ში პანდემიის კვალდაკვალ და გაგრძელდა წელსაც. ეს გულისხმობს მენეჯმენტ და საოპერაციო სისტემების გადაწყობას და ადაპტირებას ახალი რეალობასთან, რაც ერთის მხრივ პრობლემაა და მეორეს მხრივ – შესაძლებლობაც, პროაქტიულად იმოქმედო და შექმნა საფუძველი სამომავლოდ სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის.

სიმყარე და სტაბილურობა იქნება ჩვენი  კომპანიის განაცხადიც და პრიორიტეტიც მომავალ წლებში – ჩვენი თანამშრომლების, მომხმარებლების და პარტნიორების სასიკეთოდ, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს და იმედიანად და თამამად განაგრძნონ წინსვლა და განვითარება,“ – აცხადებს სტამბოლიშვილი.

მისივე შეფასებით, სადაზღვევო სექტორის და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ როლი ქვეყანაში პანდემიის მართვისა და არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში მნიშვნელოვანია. ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია მნიშვნელოვანი რგოლია როგორც ჯანდაცვის სისტემის, ისე ზოგადად – ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკური სისტემებისთვის.

კონკრეტულად რა გამოწვევების წინაშე დადგა კომპანია მიმდინარე წელს, სტამბოლიშვილი განმარტავს, რომ სირთულეები ძალიან ბევრი იყო – სადაზღვევო სექტორიც არ არის გამონაკლისი და მასზეც აისახა როგორც ეკონომიკის შემცირებით, ისე სავალუტო კურსის ცვლილებითა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირებით გამოწვეული პრობლემები.

სტამბოლიშვილის  განცხადებით, წელს მთავარი სამედიცინო სერვისების მიმართულებით დაზღვევის უპრეცედენტო ზრდა იყო.

„ბუნებრივიცაა, რომ „ლოქდაუნის“ პირობებში ადამიანები ვერ ახერხებდნენ ექიმთან მისვლას ან სხვა არაგადაუდებელი მკურნალობის მიღებას და ამ მოთხოვნილების რეალიზება უკვე წელს მოხდა. ამას თან დაერთო ზოგადად, ჯანმრთელობაზე ზრუნვის მაღალი პრიორიტეტი პანდემიის პირობებში და კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები. მაღალი მიმართვიანობის გამო გადაიტვირთა როგორც სამედიცინო მომსახურების, ისე სადაზღვევო მომსახურების სისტემები, რასაც ვუპასუხეთ დამატებითი რესურსების სწრაფი მობილიზებით და მცირე შეფერხებების მიუხედავად, მოვერგეთ მომხმარებლების ახალ ქცევას.

მოხმარების სიხშირის ზრდა ცხადია, აისახა მოგების მაჩვენებლზე, რომელიც – წინასწარი მონაცემებით – ნაკლები იქნება წინა წელთან შედარებით. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი არის სიცოცხლის დაზღვევის უარყოფითი დინამიკა – კოვიდის გამო გაზრდილი სიკვდილიანობის ფონზე,“-აცხადებს სტამბოლიშვილი.

მისივე განცხადებით, კორპორაციულ დაზღვევას პორტფელში დაახლოებით 60% უჭირავს. მიმდინარე წელსაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

“კორპორაციულ ბაზარზე ჯიპიაი ჰოლდინგს ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 20% უჭირავს. განსაკუთრებული აქცენტი პანდემიის პირობებში ჩვენ გავაკეთეთ პორფელის შენარჩუნებაზე, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით ბიზნესებს, არ შეეწყვიტათ კონტრაქტი და შესაბამისად, სადაზღვევო მომსახურების მიღება. ზრდა 2021 წელს როგორც ჯანმრთელობის, ისე არასიცოცხლის პორფელში გვაქვს,”-აცხადებს სტამბოლიშვილი.

business-partner.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …