მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც GMP სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, ექსპორტის უფლება 2025 წლამდე მიეცათ

ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც GMP სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, ექსპორტის უფლება 2025 წლამდე მიეცათ

საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს,  ხარისხის ახალ – GMP სტანდარტზე გადასვლა მომდევნო წლის 1 იანვრის ნაცვლად,  ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც  ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. ამავე დროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ. კომპანიებს, რომლებსაც ამ პერიოდის შემდეგ თვეში აქვს აღებული ნებართვა,  სააგენტოსადმი მიმართვის უფლება დასახელებული თვის ჭრილში ექნებათ.

ამასთან, როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა, იმ კომპანიებს, რომლებსაც წლებია საერთაშორისო ბაზრები მოძიებული აქვთ და ვერ ახერხებენ ახალ სტანდარტზე გადასვლას, 2025 წლამდე ექნებათ უფლება მოახდინონ ამ პროდუქციის ექსპორტი.

გარდამავალი პერიოდის დაწესების შესახებ ინფორმაცია, ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მიაწოდა. იგივე შეღავათებით ისარგებლებენ საბითუმო დისტრიბუტორებიც. შეხვედრაზე, მხარეებმა ფარმაცევტული კუთხით 2022 წლიდან დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რაც საქართველოში კარგი საწარმოო (GMP)  და სადისტრიბუციო (GDP) პრაქტიკის ამოქმედებას ისახავს მიზნად.

ექსპორტის უფლების გაგრძელება ფარმაცევტული კომპანიების ნაწილისთვის მისაღები წინადადებაა. ფარმაცევტთა ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ  ეს კომპანიების ნაწილისთვის ოპერირების შესაძლებლობა იქნება იმ დრომდე, ვიდრე ისინი მოთხოვნების შესრულებას შეძლებენ. ამავე დროს, ისინი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას მოითხოვდნენ.

შეგახსენებთ: 2022 წლის იანვრიდან ფარმაცევტული კომპანიებისთვის GMP– სტანდარტზე გადასვლა სავალდებულო ხდება.  ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემის დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მოთხოვნები და ზედამხედველობის სისტემა წესდება დისტრიბუციაზეც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყოველივე ეს მომხმარებლისთვის ნიშნავს გარანტირებული ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიღებას. ამ სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფარმაცევტული პროდუქცია არც ბაზარზე და არც ექსპორტზე არ დაიშვება. GMP-ის და GDP-სტანდარტების მოთხოვნა იმპორტიორებზეც გავრცელდება. ინსპექტირება ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათისაა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …