მთავარი » დაზღვევა » მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებული ან არარეგულარული შემოსავლის მქონე ადამიანები საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ, კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში კი მათ უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება, ასევე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა.

მათ კი, ვისაც  ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, სახელმწიფო არჩევანის წინაშე აყენებს:  მათ შეუძლიათ ისარგებლონ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. ამასთან,  უნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა.

სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება სწორედ ამ მეორე კატეგორიას შეეხება. მათი ინიციატივაა, ამ კატეგორიის ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა, კერძოდ, მათ უნდა შეეძლოთ სახელმწიფოსგან გადაუდებელი სერვისებით ისარგებლონ და ამავდროულად, ამბულატორიული და მედიკამენტების დაფინანსების მიზნით, რაც სახელმწიფო პროგრამაში დაბალი დაფარვებით ან საერთოდ არ შედის, კერძო კომპანიების პაკეტები შეიძინონ (საუბარია ე.წ. დაშენებულ პაკეტებზე).

“ჯიპიაის” კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ  სადაზღვევო კომპანიებს შემუშავებული აქვთ სქემა, რომლის საშუალებითაც ექიმების მიერ წამლების დიდი, არასაჭირო რაოდენობით დანიშვნას ან ძვირადღირებული მედიკამენტების გამოწერას აკონტროლებენ.

“ჩვენს სისტემაში პროვაიდერი კლინიკები და ექიმები მუშაობენ ისე, რომ რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობენ მომხმარებელს. ამასთან, ცდილობენ დაზღვეულისთვის ეს იყოს ხარჯეფექტიანი. ძალიან რთულია მოქალაქისთვის გადაწყვიტოს, რა უფრო არგებს, იაფიანი ევროპული ჯენერიკი, თუ მასთან შედარებით ძვირად ღირებული სხვა ქვეყნის წარმოების მედიკამენტი, ამიტომ მთლიანად მიჰყვება ექიმის დანიშნულებას. პრობლემა და სათავე არის ის, თუ რა დანიშნულებით მიდის ადამიანი აფთიაქში და აქ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გადაწყვეტა აქვს, თუმცა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, კერძო სადაზღვევო სექტორი ვართ ბუნებრივი პარტნიორები სახელმწიფოსი, რომლის მთავარი ინტერესია შემცირდეს ჯიბიდან გადახდები. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ სექტორში, გვინდა შევთავაზოთ ჩვენი გამოცდილება. ჩვენ დანერგილი გვაქვს სისტემა, რომ ექიმების მიერ გამოწერილი დანიშნულება ავტომატურად ხვდება ჩვენს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში და უკვე მომხმარებელს შეუძლია იქ მივიდეს და აინაზღაუროს მედიკამენტების თანხა. ეს გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ რა ხარჯს წევს კომპანია და რას თანაგადახდით დაზღვეული. ვთვლით, რომ ის ბარიერი, რაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეს აქვს, რომ არ შეუძლია კერძო დაზღვევით სარგებლობა, უნდა მოიხსნას მაგალითად ამბულატორიული მედიკამენტების ან დიაგნოსტიკურ ნაწილში, რაც არასრულყოფილად იფარება სახელმწიფო პროგრამით” – აცხადებს სტამბოლიშვილი.

არდის“ გენერალური დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის თქმით, ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზა ფასების ზედა ზღვრის დაწესება არ არის. მისი მოსაზრებაა, რომ საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანების დაზღვევის ვალდებულება დამსაქმებელს ჰქონდეს. იგულისხმება მინიმალური სტანდარტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც, ჯაფარიძის თქმით, ბაზარზე ამ სეგმენტში კონკურენცია გაჩნდება და ხელმისაწვდომი შეთავაზებები შეიქმნება. სახელმწიფო კი საერთოდ გავა ამ მოქალაქეების დაზღვევიდან და მთლიანად მოწყვლადი ჯგუფების დაზღვევაზე იქნება კონცენტრირებული.

ჯაფარიძის თქმით, მას სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ცოტაა 1000 ლარს ზემოთ ხელფასის მქონე იმ ადამიანების რაოდენობა,რომლებიც უარს ამბობენ სახელმწიფო დაზღვევაზე და, შემოსავლის მიუხედავად, კერძო პაკეტებს არ ყიდულობენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ მედიკამენტების ფასების შემცირების აუცილებლობაზე და ამ კუთხით პრობლემად სამედიცინო ჰოლდინგების შექმნას, ასევე მაღალ ფასნამატებს ასახელებენ. უკვე დაანონსდა მედიკამენტების ფასების რეგულირებაც, თუმცა რა მოდელი იმოქმედებს საქართველოში და როდის ამოქმედდება რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …