მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია, წლებია, უკონტროლოა – რას შეცვლის პრემიერის ინიციატივა

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია, წლებია, უკონტროლოა – რას შეცვლის პრემიერის ინიციატივა

პრემიერ-მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ნარკომანიის მიმართულებით კანონმდებლობა ლიბერალური გახდა. ახალგაზრდები კი, სპორტული აქტივობის ნაცვლად, მავნე ნივთიერებებს მოიხმარენ.

„ნარკომანიის მიმართ კანონმდებლობა ლიბერალური გახდა და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, მოიხმარენ მავნე ნივთიერებებს. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და აღსრულების პროცესს პირადად გავაკონტროლებ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია საუბრობს, თუმცა ამავდროულად ვლინდება კანონდარღვევის ფაქტები, რომლებიც ადასტურებს,  რომ ამ მედიკამენტების რეალიზაციის მოქმედი რეგულაციებიც არ სრულდება და ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ პერიოდულად ჩატარებული მონიტორინგის მიუხედავად, სფეროზე კონტროლის აღსრულება ვერ ხერხდება.

ამ კუთხით ერთერთი ბოლო მასობრივი დარღვევის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის ივნისში გახდა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები ქვეყნის მასშტაბით 27 აფთიაქში გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ აფთიაქებში  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე რეალიზაცია სისტემატურად ხორციელდებოდა.

რეგულირების სააგენტომ 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინა და 26 ათასზე მეტი მედიკამენტი ამოიღო.

რაც შეეხება სანქციებს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია კი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი საუბარია იურიდიულ პირზე, ქმედება ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების აკრძალვით.

ექიმების თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშნულების გარეშე მოხმარება უმძიმეს გავლენას ახდენს პირველ რიგში ნერვულ სისტემაზე, მომხმარებლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მისი სოციალური უნარ-ჩვევების შენარჩუნებაზე. პიროვნება ხდება წამალდამოკიდებული, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგითაც  სრულდება.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის დავით ვადაჭკორიას განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების პრობლემა  სხვადასხვა ასაკის ადამიანებში დგას.

„15,16, 17 წლისებიც მოდიან, გოგოები და ბიჭებიც. ძალიან გაახალგაზრდავდა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში წამალდემოკიდებულების პრობლემა. რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყებს პოროვნება მიღებას, შედეგები უფრო მძიმეა და მკურნალობის შედეგიანობაც გარკვეულწლიად უფრო ნაკლებია”, – აცხადებს ვადაჭკორია.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …