პოლიტიკის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, გაეროს 2015 წლის შემდგომი განვითარების სამიტზე, საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა, ფორმატის შესაბამისი იყო.
მისი განმარტებით, ამ გამოსვლას არც კრიტიკული და არც დადებითი შეფასება არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ის ჩვეულებრივი, პროტოკოლური გამოსვლა იყო და წინასწარ გათვალისწინებულ 3 წუთიან ფორმატში ჩაჯდა.
არეშიძის თქმით, ამ გამოსვლაში ხაზი გაესვა იმ პრინციპებისადმი ერთგულებას, რომელიც 2000 წლის გაერო-ს სამიტზე დაისახა, ხოლო ის სამიტი, ათასწლეულის გამოწვევას ეძღვნებოდა.
„აბსოლუტურად პროტოკოლური გამოსვლა იყო. არაფერი განსაკუთრებული აქცენტები იქ არ თქმულა, გარდა იმისა, რომ საქართველო ერთგულია იმ შეთანხმებისა, რომელიც 2000 წელს იყო სამიტზე მიღებული და საქართველო ამ გზაზე სვლას გააგრძელებს. ეს გამოსვლა 3 წუთიანი გამოსვლების ფორმატში ჩაჯდა.
საკვანძო გამოსვლა 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი და მე ვფიქრობ, ამ გამოსვლაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის გამოწვევები და ის პრობლემები, რომელიც საქართველოს აქვს. ის ნამდვილად სერიოზულად იქნება შესაფასებელი. ეს კი ჩვეულებრივი, პროტოკოლური გამოსვლა იყო, ასე გამოვიდა კონკრეტული ქვეყნის სხვა არაერთი ლიდერი“, – განუცხადა “პირWელს” არეშიძემ.
გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, 26 სექტემბერს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. 2015 წლის შემდგომი განვითარება – ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება 4 საკითხზე გაამახვილა – ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თანამედროვე, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.