მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქეთევან ხიდაშელი: რეგიონებში რეცეპტული სისტემა ცუდად მუშაობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ხიდაშელი პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმიანება

ქეთევან ხიდაშელი: რეგიონებში რეცეპტული სისტემა ცუდად მუშაობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ხიდაშელი პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმიანება და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ამ რგოლშია. 

„მე თავად სოფელში ვცხოვრობ, სადაც არის სოფლის ამბულატორია. არის სამი ექიმი და ორი თანამშრომელი. მათ ერიცხებათ ამბულატორიის შენახვის ხარჯები და ამ ხარჯების გაწევის შემდეგ დარჩენილი თანხაა მათი შემოსავალი. მათ არ აქვთ ფურცელი, კარტრიჯი და მსგავსი საკანცელარიო წვრილმანები მაშინ, როდესაც რეფორმის შედეგად დაინერგა რეცეპტული სისტემა.

გარდა ამისა, სოფელში არ არის ექიმის გამოძახების საშუალება. რაც უნდა მძიმედ იყოს პაციენტი, იძულებულია, თავად მივიდეს ამბულატორიაში. ეს იმის ბრალია, რომ ექიმებს არ აქვთ ტრანსპორტირების საშუალება. სოფელში ტრანსპორტი არ მოძრაობს. რამდენიმე კილომეტრს ექიმი ფეხით ვერ გაივლის პაციენტის მოსანახულებლად. პაციენტი იძულებულია თავად მონახოს ტრანსპორტირების საშუალება და შემდგომში ისინი, როგორც წესი, მიდიან უკვე არა ამბულატორიაში, სოფლის ექიმთან, არამედ ქალაქის საავადმყოფოში“, – აცხადებს ქეთევან ხიდაშელი.

შესაძლოა პრობლემები სამინისტროდან სხვაგვარად ჩანდეს. ექსპერტები ადგილზე უნდა ჩავიდნენ, ნახონ, დააკვირდნენ არსებულ სიტუაციას და კვლევის შედეგების მიხედვით უნდა გაატარონ რეფორმები.

პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილი რეფორმის დეტალებს არ გავცნობივარ, მაგრამ თუ გათვალისწინებული იქნება სწორედ რომ დეტალები, ექიმს ექნება მეტი ანაზღაურება და შესაბამისად დაინტერესებაც, რომ პაციენტს მიაკითხოს სახლში, კარგი იქნება“, – მიაჩნია ხიდაშელს.

ხიდაშელი რეცეპტული მედიკამენტების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რა მდგომარეობაა დედაქალაქში, ამაზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება, მაგრამ რაც თავად კარად იცის, არის ის, რომ რეგიონებში რეცეპტული სისტემა ცუდად მუშაობს.

„რეგიონებში აფთიაქებში სხედან ექიმები, რომლებსაც პაციენტები უტოვებენ საკუთარ მონაცემებს და ექიმიები მათ ისეთ რეცეპტს უწერენ, როგორსაც პაციენტი ეტყვის.

პრობლემა მოდიოდა არა იქედან, რომ წამლები ურეცეპტოდ იყიდებოდა, არამედ იქედან, რომ კულტურა არა გვაქვს. არ გვაქვს ჯერჯერობით იმდენი შეგნება, რომ პრევენციას და პროფილაქტიკას მივმართოთ. კულტურასაც ერთად ამას სჭირდება გარკვეული სახსრები, რაც უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს“,- განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …