მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“: ჩვენთან მომსახურების ფასები ქართულ ბაზარზე არსებულ ტარიფებზე მაღალი არ იქნება

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“: ჩვენთან მომსახურების ფასები ქართულ ბაზარზე არსებულ ტარიფებზე მაღალი არ იქნება

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მომსახურების ფასები ქართული ბაზრის შესწავლის შედეგად განისაზღვრა და ეს არ იქნება საქართველოში არსებულ ტარიფებზე მაღალი.  ამასთან, კლინიკაში საქართველოში მომუშავე, საუკეთესო სპეციალისტები, მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩნენ. ამის შესახებ ახლადგახსნილი კლინიკიდან jandacva.ge-ს აცნობეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათთან 200 საწოლია, საიდანაც 183 ქირურგიულია, დანარჩენი კი რეანიმაციის. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეტანილი აქვთ განაცხადი ლიცენზიის მისაღებად კოვიდ-პაციენტების მართვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ამბულატორიული სერვისებია ხელმისაწვდომი, სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ კი ჰოსპიტალური ნაწილიც ამოქმედდება.

რაც შეეხება სერვისებს, ამბულატორიულ ნაწილში უკვე შესაძლებელია ისეთი მომსახურებების მიღება, როგორიცაა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევები, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლებენი, ექოსკოპია, ულტრასონოგრაფიული კვლევები და ა.შ.

კლინიკას მოლაპარაკებები აქვს სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მათი პროვაიდერი გახდეს.

კლინიკაში განსაკუთრებულ აქცენტს ინფექციების მართვაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამ კუთხით უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებენ, რაშიც განსაკუთრებულ როლს სავენტილაციო სისტემები ასრულებს. ჰოსპიტალში ამბობენ, რომ კლინიკებში ინფექციების კონტროლი საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთერთი მთავარი გამოწვევაა და მათთან აღნიშნული საფრთხე მინიმუმამდე იქნება შემცირებული.

შეგახსენებთ:  ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა, წინა კვირას გაიხსნა.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული.

პროექტის საერთო ღირებულება და შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ინვესტიციის დიდი ნაწილი – დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.

ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, თუმცა იგეგმება მათი  700-მდე გაზრდა. გარდა ამისა, კლინიკა მოემსახურება არა მარტო ადგილობრივ პაციენტებს, არამედ მზად არის რეგიონის პაციენტებსაც.

დაწესებულება გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას. კლინიკა  უშანგი ჩხეიძის ქ.17-შია განთავსებული.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …