როგორც რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გიორგაძე აცხადებს, ყველა პაციენტს გამოცდილი ექიმი ემსახურება და მათი მდგომარეობის შესახებ ოჯახებს ინფორმაციას ეტაპობრივად აწვდიან. გიორგაძის თქმით, პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა, კლინიკაში 12 ოქტომბერს შეიყვანეს. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა და 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.
კლინიკის წარმომადგენლების ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ დადო დასკვნა, რომელიც ცხადყოფს, რომ ბრალდებები, რომელიც კლინიკის ექიმების მიმართ ისმის, არ შეესაბამება სიმართლეს.
პრესკონფერენციაზე მედიისთვის გასაჯაროვდა კადრები, სადაც კლინიკის წარმომადგენლების თქმით, ჩანს, თუ რა დახმარება გაეწია პაციენტს.
„რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფაქტებს, ცოტა დაგვიანებით გავაკეთეთ კომენტარი, გვეგონა, რომ ერთ დღეში ეს ემოცია გადაივლიდა და კომენტარის გაკეთება მსგავს აბსურდულ ბრალდებაზე მივიჩნიეთ, რომ არ იყო მიზანშეწონილი. თუმცა დღევანდელმა დღემ დაგვარწმუნა, რომ აუცილებელი იყო ამ ფაქტის უარყოფა. ინფორმაციის გავრცელებიდან მყისიერად ჩართული იყო რეგულირების სააგენტო. იმავე ღამეს მოხდა მათი მხრიდან შემოწმება, ასევე სამართალდამცავი ორგანოების და მიმდინარეობს თანამშრომლების დაკითხვა. რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე გუშინ დაიდო დასკვნა, რომ მსგავსი ბრალდებები არ შეესაბამება არანაირად სიმართლეს. ასევე ჩვენ შეგვიძლია, კანონიერად დაინტერესებულ ნებისმიერ სუბიექტს მივაწოდოთ ქრონოლოგიური ჩანაწერი მთელი დღის განმავლობაში პაციენტთან მიმდინარე ღონისძიებების შესახებ“, – განაცხადა კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გიორგაძემ.
მარდალეიშვილის კლინიკის წარმომადგენლები შელახული იმიჯისთვის სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების გამო, მედეა ადამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
„კლინიკა პარალიზებული ნამდვილად არ არის, მაგრამ არაფერი უკლია. კარგად მესმის ამ ქალბატონის, დეა ადამიასი, ვისი ინიცირებულიც არის ეს ყველაფერი. მას დედა გარდაეცვალა კოვიდით ცოტა ხნის წინ და როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ესეც ფიქრობს და ეძებს დამნაშავეს. თვლის, რომ დედამისის გარდაცვალებაში რომელიღაცა კლინიკა იყო დამნაშავე. ეს აბსოლუტურად არ აძლევს მას იმის უფლებას, რომ ირბინოს სხვადასხვა კლინიკაში და ხელი შეუშალოს კლინიკების ნორმალურ ფუნქციონირებას და დეზინფორმაცია გაუწიოს პაციენტებს. ამ ქალბატონის მოცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. დღე და ღამე არის ჩვენ კლინიკასთან. ჩვენი კლინიკა აპირებს სარჩელის შეტანას ამ ქალბატონის წინააღმდეგ და უმკაცრესად მოვითხოვთ მის დასჯას კანონის ფარგლებში. პირველ რიგში, იმ რეპუტაციული რისკის შელახვისათვის, რომელიც ჩვენ კლინიკას 20-30 წლის განმავლობაში აქვს ძალიან მაღალი და ძალიან ვუფრთხილდებით ამ სახელს. პარალიზებულია პერსონალი მორალურად. ისინი მუშაობენ შესაძლებლობის ზღვარზე ბოლო 3-4 თვის განმავლობაში. 24 საათის განმავლობაში მათ სხვა საქმე არ აქვთ გარდა იმისა, პაციენტებს შვება მოუტანონ და გამოჯანმრთელებისკენ წაიყვანონ. ასეთ პირობებში კლინიკის პერსონალს უხდება უყუროს ცილისწამებას და მძიმე ბრალდებებს. იმის მაგივრად, რომ მთელი ფიქრი მიმართონ პაციენტების საკეთილდღეოდ, ნერვიულობაზე და ტელევიზორის ეკრანებზე არიან ორიენტირებული. ამის საშუალებას არ მივცემთ არავის და ვფიქრობთ, რომ უმკაცრესად დაისჯება. ყველანაირი ვიდეომასალა გვაქვს იმისი, რომ დავამტკიცოთ აღნიშნული ბრალდებების უსაფუძვლობა“,- განაცხადა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ლოლაძემ.
როგორც მედეა ადამია აცხადებს, მის სიმართლეს ამყარებს ფაქტები, რომელიც მისივე თქმით, ფეისბუქგვერდზე აქვს გამოქვეყნებული.
„არ ვაპირებ არავის საჩივრებზე სირბილს. თვითონვე წერონ და იკითხონ, რადგან ჩემი პასუხი არის ფაქტები, რომელიც მიდევს ფეისბუქგვერდზე და ეს ვიდეოკადრები შენახულია. არანაირ აბსურდულ საჩივრებზე არ ვაპირებ სირბილს. სრცხვენოდეთ იმის, რომ მათ უბრალოდ ეშინიათ ჩემი, რადგან ყოველთვის სიმართლეს ვსაუბრობ. ვეკითხები მარდალეიშვილის კლინიკას – მათ განუცხადეს ოჯახის წევრებს, რომ გარდაცვლილი იყო 11:00 საათამდე, საღამოს 20:00 საათზე როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილის სხეული თბილი და როგორ სდიოდა სისხლი მიცვალებულს. უბრალოდ არ იციან, როგორ მომერიონ. ერთადერთი მათ შეიძლება, რაღაც გამოიყენონ და გვანახონ პირველ დღეს მიღებული რაღაც ვიდეოჩანაწერი, როგორ უვლიდნენ ვითომ პაციენტს, მაგრამ ფაქტია, შესვლიდან მეხუთე დღეს პაციენტი გარდაიცვალა“,- განაცხადა მედეა ადამიამ.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი პაციენტი ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე შეიყვანეს პროზექტურაში.
1tv.ge