მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველო უახლოეს დღეებში COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ელოდება

საქართველო უახლოეს დღეებში COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ელოდება

საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ამ კვირის განმავლობაში და ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღებს. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რემდისივირის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ მედიკამენტს ალტერნატივა არ გააჩნია. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორივე მედიკამენტი რემდისივირთან შედარებით, კოვიდინფიცირების ორივე სტადიის დროს გამოიყენება და პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად ამცირებს.

„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთია ბარიციტინიბი, მეორეა მონოკლონური ანტისხეულები. ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტებად ითვლება. ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ქვეყანაში მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატის შემოტანის გეგმების შესახებ რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიას თქმით, „სოტროვიმაბი“ მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის პრეპარატია და მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის სხვა პრეპარატებიც არსებობს.

“ჩვენ ამ ეტაპზე სხვა დასახელების მონოკლონური ანტისხეულის ქვეყანაში შემოტანაზე ვმუშაობთ დონაციის გზით, კონკრეტულად “ბამლანივამაბის” და „ეთისივამაბის” ქვეყანაში შემოტანაზე,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „ბარიციტინიბს,“ ესაა რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ  კოვიდპაციენტებში გამოსაყენებლად დაამტკიცა.

ეს იაპონიაში კოვიდინფექციის სამკურნალოდ დამტკიცებული მესამე პრეპარატია, „რემდესივირისა“ და „დექსამეტაზონის“ შემდეგ.

როგორც „როიტერი“ წერს, „ბარიციტინიბი“ „რემდესივირთან“ ერთად გამოიყენება საშუალო და რთული სიმძიმის პაციენტებში.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …