გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები უკვე საქართველოშია – ამის შესახებ jandacva.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანა გრიპის საწინააღმდეგო 50 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს. ჯამში კი გრიპის სეზონისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ 200 ათასი ვაქცინა აქვს შეკვეთილი, რაც რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი და ისინი მათ უფასოდ მიიღებენ. ამ რაოდენობის 25%-ს კი დამატებით კერძო სექტორი შემოიტანს. აღნიშნული ვაქცინები მსურველებისთვის კომერციულ სექტორში, გარკვეული ღირებულების საფასურად ჩატარდება.
ამასთან, „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელში, რომელიც „კომერციული“ ვაქცინის ძირითადი შემომტანია, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვაქცინების შემოტანის ვადების ან დოზების შემოტანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან მომწოდებლები აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფოს დაკვეთა უნდა შეასრულონ. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ შარშან, კოვიდპანდემიის ფონზე, გრიპის ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნისა და სხვა გარემოებების გამო, მწარმოებელმა ვაქცინების პირველი ნაწილის მოწოდება ნოემბერში მოახერხა, მომდევნო პარტია კი დეკემბერში შემოვიდა, რაც დაგვიანებული ვადებია. დაგვიანების გამო კი დეკემბერში ვაქცინების გარკვეული ნაწილი გამოუსადეგარი გახდა. ამიტომ, მათი თქმით, თუ მოწოდება წელსაც დაგვიანდება, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს საკითხი, რამდენად მიზანშეწონილია პრეპარატის იმპორტის განხორციელება. თუმცა ამ ეტაპზე ისინი მწარმოებლების პოზიციას ელოდებიან.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაკონტრაქტებულ ვაქცინებს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 200 ათასი დოზიდან 150 ათასი დოზა ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, ისინი უახლოეს პერიოდში დასახელდება, თუმცა მან აღნიშნა, რომ საუბარია სამედიცინო პერსონალზე, ორსულებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებსა და სხვა პირებზე.
რაც შეეხება კოვიდ ვაქცინის გაკეთებიდან გრიპის აცრის გაკეთების ვადებს, გამყრელიძის თქმით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციაა, ორივე ვაქცინა ერთდროულად, ორივე მკლავზე გაკეთდეს. თუმცა ახლა ქვეყანა რეკომენდაციებს ჯანმოსგან ელოდება.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, ყველაზე უპრიანია, თუ რისკის ჯგუფებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ოქტომბრიდან დავიწყებთ. ამასთან, მისი განმარტებით, გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფები მეტწილად არ ემთხვევა კორონავირუსის რისკის ჯგუფებს. ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, გრიპის ვირუსის მხრივ წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა ჩატარდეს. მსგავსი რისკის ჯგუფები არის ორსულები, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის დროს ორსულებში ვაქცინაცია არის აუცილებელი, ასევე ხანში შესული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.