მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ნერწყვზე დაფუძნებულ PCR და „სწრაფ“ ტესტებს ძირითადად ბავშვებს უკეთებენ – რამდენად სანდოა ეს მეთოდი?

ნერწყვზე დაფუძნებულ PCR და „სწრაფ“ ტესტებს ძირითადად ბავშვებს უკეთებენ – რამდენად სანდოა ეს მეთოდი?

ნერწყვზე დაფუძნებულ პისიარ-ტესტებზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა „ტრადიციულ“ მეთოდზე, ანუ ცხვირ-ხახის ნიმუშზე დამყარებულ ტესტებზე მოთხოვნა უფრო მაღალია, რადგან ეს მეთოდი პასუხის შედარებით მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. თუმცა, ნერწყვზე დაფუძნებული ტესტის მგრძნობელობაც საკმაოდ მაღალია და მისი პასუხები დაავადებათა კონტროლის ბაზაში იტვირთება. შესაბამისად, ის ოფიციალურად აღიარებულია. ამის შესახებ Jandacva.ge-ს „მეგალაბიდან“ აცნობეს, სადაც აღნიშნულ ტესტს უკვე თითქმის სამი თვეა გამოიყენებენ. როგორც ლაბორატორიაში განმარტავენ, ტესტირების ამ მეთოდს ძირითადად ბავშვებისთვის მიმართავენ, ის ასევე პოპულარულია იმ ადამიანებში, რომლებსაც რთულად გადააქვთ ცხვირ-ხახიდან ნაცხის აღების პროცედურა.  ორივე მეთოდის ღირებულება თანაბარია.

„მეგალაბში“ ამბობენ, რომ ნერწყვზე დაფუძნებული ტესტი უცხოეთში ფართოდ გავრცლეებული პრაქტიკაა და ის სანდოობის კუთხით ტრადიციული მეთოდით გაკეთებული პისიარ-ტესტებს უთანაბრდება.

აღნიშნული მეთოდის პასუხი, ტრადიციული პისიარ-ტესტის მსგავსად, სტანდარტულად, 12 საათში ხდება ცნობილი. ამასთან, „მეგალაბის“ ინფორმაციით, პისიარისგან განსხვავებით, მათთან ე.წ. სწრაფი, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტები ნერწყვის საშუალებით არ ტარდება და ისინი მხოლოდ ტრადიციული მეთოდით კეთდება.

ნერწყვზე დაფუძნებულ პისიარ ტესტებს სთავაზობს მოქალაქეებს ლაბორატორია გენომიქსი-ც. კომპანიაში ამბობენ, რომ როგორც ცხვირ-ხახის ნაცხის აღებით, ისე ნერწყვის ნიმუშით გაკეთებული COVID-19 PCR კვლევა გამოირჩევა თანაბარი მაღალმგრძნობელობით.

ორივე შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ  სერთიფიკატის მიღება ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე.

შეგახსენებთ, რომ PCR-ტესტების საშუალო ღირებულება 70-80 ლარია.

რაც შეეხება ნერწყვზე დაფუძნებულ ე.წ. სწრაფ ტესტს, ბაზარზე ისინიც ხელმისაწვდომია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ასეთი ტესტები გარკვეულ ლაბორატორიებს აქვთ და სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მათი გაკეთება. ცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული მეთოდით ჩატარებული როგორც პისიარ, ისე სწრაფი ტესტების პასუხები მათ ბაზაში იტვირთება და ისინი ვალიდურად ითვლება.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …