თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებულ სარეაბილიტაციო პროგრამებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა, სერვისით ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად სარგებლობს.
როგორც კურორტის ადმინისტრაციიდან jandacva.ge-ს განუმარტეს, ამის მიზეზია ის, რომ სახელმწიფო არ აფინანსებს პოსტკოვიდ სარეაბილიტაციო სერვისებს, ქვეყანაში კი იმდენად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ამის შესაძლებლობა არ აქვს.
„ეს პროგრამა ძვირადღირებული არ არის, თუმცა, კოვიდი საკმაოდ ბევრ ჩვენებას ტოვებს, ამას კი ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა და სარეაბილიტაციო კურსის განსაზღვრა ინდივიდუალურად ხდება, ამაში ჩართულია საკმაოდ ბევრი სპეციალისტი. მათ შორის ბალნეოთერაპევტი, ენდოკრინოლოგი, რეაბილიტოლოგი, ნევროლოგი და ა.შ. კონსულტაციის შემდეგ ინიშნება ბალნეოლოგიური პროცედურები, რომლის ფასი საშუალოდ 20-50 ლარის ფარგლებში მერყეობს,“-აცხადებენ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში.
მათივე განცხადებით,მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები იმისთვის, რომ ეს პროგრამა პოტენციური პაციენტებისთვის უფრო მეტად ცნობილი გახდეს. ამ დროისთვის პოსტოკივიდ სარეაბილოტაციო პროგრამით ძირითადად უცხოელები სარგებლობენ.
შეგახსენებთ, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 75%–ს „მეიდან ჯგუფი“ ფლობს, 25%–ს კი „მეიდანი“.
კურორტმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული სარეაბილოტაციო პროგრამები საქართველოში პირველმა შექმნა.