მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ტომოგრაფია ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს. ეს დანაშაულია!“ – რატომ უკეთებენ საქართველოში „კატეს“ კოვიდპაციენტების დიდ ნაწილს?

„ტომოგრაფია ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს. ეს დანაშაულია!“ – რატომ უკეთებენ საქართველოში „კატეს“ კოვიდპაციენტების დიდ ნაწილს?

კოვიდი საწყის სტადიაზე, განსაკუთრებით მსუბუქ ფორმებში, მართვადია და არ საჭიროებს არანაირ  ანალიზს, განსაკუთრებით კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელიც საქართველოში ინფიცირებულებში ხშირად ტარდება.  ამის შესახებ ექიმ-პულმონოლოგმა თამარ ჟამურაშვილმა განაცხადა, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს.

„ზოგჯერ ექიმებიც მიკავშირდებიან და მეკითხებიან – „კატეზე“ 10 ქულა გადავამისამართო თუ არა ჰოსპიტალში?“ არსებობს ჰოსპიტალიზაციის ძალიან მკაფიოდ გაწერილი ინდიკაცია და ეს არის ჟანგბადდამოკიდებულება. ეს ნიშნავს: თუ თქვენი სატურაცია ჩამოსცდა 94%-ს – და სატურაციის პატარა აპარატის ყიდვა არ არის პრობლემა და არც ისე ძვირია. თუ ეს აპარატი არ გაქვთ, ძალიან კარგი და ინფორმატიული პარამეტრია სუნთქვის სიხშირის დათვლა წუთში. თუ სუნთქვის სიხშირე 24-20-ზე დაბალია, არაფერი არ გემუქრებათ.

ასევე უნდა დავიწყოთ ცხელების კონტროლი. თუ ცხელება ემორჩილება პარაცეტამოლს, 39 გრადუსზე მაღალიც რომ იყოს ცხელება, თუ პარაცეტამოლზე ჩამოდის, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

კოვიდიან პაციენტში ცხელება შეიძლება შენარჩუნდეს ორი ან ზოგჯერ სამი კვირის განმავლობაშიც. ეს არ არის ჰოსპიტალიზაციის ინდიკაცია.მიიღეთ პარაცეტამოლი, მიიღეთ საჭირო რაოდენობის და არა ბევრი სითხე – 2 ლიტრამდე დღე-ღამეში ან თუ ცხელებაა – 3 ლიტრამდე, ხოლო თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადება გაქვთ, ინდივიდუალურად უნდა შევარჩიოთ. აუცილებელია, რომ ზედმეტი სითხე არ დარჩეს ორგანიზმში. ბინაზე მყოფ პაციენტებზე გადასხმა არ შეიძლება. სანამ პაციენტს ჭამა და დალევა შეუძლია, მეტი საჭირო არ არის,“- აცხადებს ჟამურაშვილი.

ექიმი კიდევ ერთხელ განმარტავს: თუ სატურაცია წესრიგშია (ან მის ნაცვლად – სუნთქვის სიხშირე 24-ზე ნაკლებია წუთში), ცხელება ექვემდებარება პარაცეტამოლს (და ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი, ნორმამდე ჩამოვიდეს, საკმარისია 38-ს ქვემოთ ჩამოვიდეს), პაციენტს შეუძლია მშვიდად იყოს სახლში. თამარ ჟამურაშვილის თქმით, მიზანშეწონილია სუნთქვის ვარჯიშები, მათ შორის ბუშტების ბერვა მუდმივად. ასევე რეკომენდებულია მუცელზე წოლა დღეში 2-3 საათის განმავლობაში და ზომიერი აქტივობა, თუმცა არა დაღლამდე. თუ პაციენტს ენერგია არ აქვს, თავი არ უნდა აიძულოს და არ უნდა გადაიღალოს. მედიკოსის განცხადებით, ასეთ დროს პანიკა საჭირო არ არის ისევე როგორც ანალიზები.

„განსაკუთრებით მინდა შევეხო ტომოგრაფიას. თუ გაგიკეთდათ ტომოგრაფია და დაფიქსირდა 10 პროცენტზე ნაკლები დაზიანება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეულის დაზიანება მოხდა. უკვუე ვიცით, რომ ნებისმიერ კოვიდპაციენტს, მათ შორის უსიმპტომოსაც კი ფილტვებში აქვს ცვლილებები. „პნევმონია არ გამომრჩეს“ – ეს მცდარი აზრია. თქვენ გაქვთ პნებვმონია, რომელიც თავისით ალაგდება. თუ ის სიმტპომები, რაც ჩამოვთვალე, არ მძიმდება, ტომოგრაფია არ მჭირდება. კლინიკაში შემოსულ პაციენტზეც კი არ არის ეს აუცილებელი. თქვენ გექნებათ 5 ქულა, 8 თუ 15, თუ სატურაცია 94-ზე მაღალი გაქვთ, სუნთქვის სიხშირე წუთში 24-ზე ნაკლები, პარაცეტამოლის და სითხის გარდა არანაირი მკურნალობა არ ჩაგიტარდებათ. ტომოგრაფიას აქვს ძალიან დიდი დასხივება, ფაქტიურად მზეზე რომ იწვეთ გაუნძრევლად 1 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ იმდენ დასხივებას ვერ მიიღებთ, რამდენსაც იღებთ ერთი ტომოგრაფიის შედეგად. ხშირად მომდის 12 და 15 წლის ბავშვების ტომოგრაფიები, ეს დანაშაულია! ამით თქვენს შვილს ძალიან ცუდს უკეთებთ! ტომოგრაფია არის დასხივება, რაც ზრდის სიმსივნის განვითარების ალბათობას 2, 3 და 5 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ე.წ. სისხლის სიმსივნეების – ლიმფომების და ლეიკემიების რისკს. ნუ გაუკეთებთ საკუთარ თავს და საკუთარ შვილს ამას! პროტოკოლში მითითებულია რენტგენოლოგიური კვლევა, მათ შორის რენტგენოგრაფია და ტომოგრაფია. სანამ პაციენტი იმდენად სტაბილურია, რომ შეიძლება მისი ამბულატორიულად დატოვება, ტომოგრაფიის ჩატარება არათუ არ არის აუცილებელი, დანაშაულია. ეს არის სხეულის დაზიანება. ტომოგრაფია გვჭირდება, როცა მართლაც აუცილებელია – ესაა ინტენსიური განყოფილება,“ – განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …