სექტემბერში ქვეყანაში Johnson & Johnson-ის 50 000 დოზა შემოვა. ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა, რომელიც მხოლოდ ერთჯერადად გამოიყენება, გერმანიის მთავრობის დახმარებაა.
როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, თუ ქვეყანა სექტემბერში მილიონ დოზა ვაქცინას გააკეთებს ანუ 500 000 ადამიანს აცრის, მაშინ პანდემიას სერიოზულად გადატეხავს წელში.
“ჩემი გათვლებით, აგვისტოში ჩვენ დავხარჯავთ ნახევარ მილიონ დოზა ფაიზერს ანუ მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. აქედან 300 000 იქნება მეორე დოზებისთვის და 350 ათასი ადამიანი დამატებით შეგვიძლია ავცრათ სექტემბერში. თუ მილიონ დოზას გავაკეთებთ სექტემბერში, ჩვენ სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ წელში პანდემიას”-აცხადებს გამყრელიძე.
რაც შეეხება ბუსტერ დოზის გამოყენებას, რომელიც აქტიურად განიხილება ბევრ ქვეყანაში, გამყრელიძე აცხადებს, რომ როგორც გრიპის დროს, ამ შემთხვევაშიც სავარაუდოდ საჭირო გახდება ბუსტერ დოზის გამოყენება, თუმცა რა პერიოდულობით, იქნება ეს ყოველწლიურად, 2 თუ 3 წელიწადში “ამას ცხოვრება გვიჩვენებს”.