საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ს რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი და რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი პაატა ბუკია. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თსსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საკუთარი სტუდენტობისა და პროფესიული გამოცდილების, ასევე პარალელური სპორტული აქტივობის შესახებ. დავით სერგეენკომ გაიხსენა 1981-1987 წლებში, თსსუ-ში სტუდენტობის პერიოდი, პირველი სამსახური, პირველი პაციენტი. მინისტრმა შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით, სტუდენტებს დასკვნების გაკეთება შესთავაზა.
უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მინისტრს გატარებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუდენტები კი სხვადასხვა საკითხით დაინტერესდნენ. მათ შორის, რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს რეზიდენტურის ადგილის სიმცირის დასაძლევად, ხომ არ იგეგმება ექიმებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭება, შესაძლებელია თუ არა სამინისტროში სტაჟირება და ა.შ. მინისტრმა და სამინისტროს თანამშრომლებმა შეხვედრაზე დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს.
“სამედიცინო უნივერსიტეტი უმნიშვნელოვანესი სასწავლო დაწესებულებაა მთლიანად ქვეყნისთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის, ისევე, როგორც პირადად ჩემთვის. ტრადიციულად ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას სტუდენტებს ვხვდები ერთგვარი მისალმებით, თუმცა წელს ვერ მოვახერხეთ, არ ვიყავი ქვეყანაში. ამიტომ, გადავწყვიტე დღეს შევხვედროდი სტუდენტებს.
გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, ჩემს ახალგაზრდა და მომავალ კოლეგებს. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები საჭიროა და ბევრ ახალ შესაძლებლობას მისცემს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე სტუდენტებს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
თსსუ-ს რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეფასებით, შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და საჭირო არა მარტო სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, მაგისტრებისთვის, არამედ პროფესურისთვის.
“საუბარი იყო ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტუალურ საკითხებზე, ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარეობის შემდგომ ეტაპზე, ჯანდაცვის ორგანიზების საკითხებზე. ვისაუბრეთ ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის საქართველოში თამბაქოს გახშირებული მოხმარება და საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევები.
საზოგადოებისთვის, სტუდენტებისთვის ცნობილია, რომ დავით სერგეენკო ძალიან კარგი ექიმია, რომელიც ახლა პოლიტიკაში, ჯანდაცვის ორგანიზაციაშია. მისი რეიტინგი საკმაოდ მაღალია და ძალიან კარგი პოლიტიკოსია. ასეთ ადამიანთან შეხვედრა ახალგაზრდა სტუდენტისათვის, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, მაგალითის მიმცემია”, – აღნიშნა ზურაბ ვადაჭკორიამ.
ღონისძიების დასასრულს, დავით სერგეენკო უნივერსიტეტის ბრენდირებული თეთრი ხალათით დასაჩუქრდა.