მთავარი » ახალი ამბები » პედიატრი მაია ხერხეულიძე მშობლებს ურჩევს, ბავშვებს პირბადე 2 წლის ასაკიდან გაუკეთონ

პედიატრი მაია ხერხეულიძე მშობლებს ურჩევს, ბავშვებს პირბადე 2 წლის ასაკიდან გაუკეთონ

ავდივართ ინფიცირების კატასტროფულ მაჩვენებლებამდე და საქართველო იტალიის სცენარის საფრთხის წინაშე დგას, როდესაც სტაციონარმა პაციენტი შესაძლოა იმის გამო ვერ მიიღოს, რომ ადგილები არ იყოს, ხოლო ინფიცირებულისთვის, რომელსაც ხელოვნური სუნთქვა ესაჭიროება, თავისუფალი აპარატი აღარ იყოს.

ამის შესახებ ჟვანიას სახელობის პედიატრი მაია ხერხეულიძე აცხადებს. მისი თქმით, ამ სიტუაციაში მოვხვდით იმ დროს, როდესაც, შარშანდელისგან განსხვავებით, გარკვეულწილად მეტი ვიცით ამ დაავადებაზე.

ხერხეულიძის თქმით, რეგულაციების და აღსრულების გარდა პანდემიის მართვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რაც დღემდე არ ყოფილა.

პედიატრის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც კოვიდინფიცირებული გარეთ გამოდის და კონტაქტში შედის სხვა ადამიანებთან – შესაძლოა მას იოლ ფორმებში ჰქონდეს დაავადება, თუმცა სხვისთვის ის მძიმე აღმოჩნდეს.

რაც შეეხება ბავშვებს, მაია ხერხეულიძის თქმით, ვერ ვიტყვით, რომ მათში კოვიდ 19 განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობს, მაგრამ წინა პერიოდისგან შედარებით, დაავადების ფორმები მძიმეა.

ექიმი მოუწოდებს მშობლებს, ბავშვები ვირუსით დაინფიცირების საფრთხეებს მაქსიმალურად აარიდონ.

„პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ აცრილები, რადგან დადგენილია, რომ აცრილი ადამიანი გაცილებით ნაკლებად ინფიცირდება და შესაბამისად ნაკლებადაა გადამტანი,“ – აცხადებს პედიატრი.

მისი განმარტებით, ვირუსის წინა ტალღებისგან განსხვავებით, შეიცვალა რეგულაციები და თუ მანამდე პირბადის ტარება 6 წლის ასაკიდან იყო აუცილებელი, ახლა შეიქმნა სიტუაცია, როცა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, ასევე დახურულ სივრცეში ბავშვებს პირბადე 2 წლის ასაკიდან უნდა გავუკეთოთ, თუმცა უმჯობესია, ასეთ ადგილებს მოზარდები საერთოდ ავარიდოთ, გვყავდეს ხალხისგან მოშორებით და დავიცვათ ჰიგიენის წესები.

მაია ხერხეულიძის თქმით, დაინფიცირების მომეტებული საფრთხეების პირობებში, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ბავშვის იმუნურ სისტემაზე და, პირველ რიგში, სწორი კვება შევთავაზოთ.

„ნებისმიერი ტიპის ინფექციის შემთხვევაში, ის, თუ როგორ წარიმართება დაავადება, დამოკიდებულია გამომწვევზე და იმუნურ სისტემაზე. ბავშვს უნდა მივცეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები – ხილი და ბოსტნეული, რომელიც ახლა უხვადაა საქართველოში და არაჩვეულებრივია. ამასთან, ყურადღება უნდა მივაქციოთ ძუძუთი კვებას, რომელიც იმუნური სისტემის სტიმულაციას ახდენს,“ – აცხადებს მაია ხერხეულიძე.

მედიკოსი მშობლებს ურჩევს, კარგად აირჩიონ ბავშვის დასასვენებელი ადგილი და თუ კონკრეტულ კურორტზე ბევრი ხალხია, ჯობია, ბავშვი მშობლებმა არსად გაიყვანონ.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …