თბილისში, Iveria Inn-ი რამდენიმე დღეა კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშაობს. როგორც სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, Iveria Inn-ის 100 ნომერი 2 დღეში შეივსო.
„მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო და კარგად ვმუშაობდით, სახელმწიფოს გვერდში დაუდექით. ბევრჯერ გვთხოვეს და ჩვენი ქსელიდან მხოლოდ ერთი სასტუმროს დათმობა შევძელით. ინფიცირებულების უმრავლესობა რადგან თბილისშია და პრობლემურია ადგილები, Iveria Inn-ი გამოვყავით. დაახლოებით 3-4 კვირა ჰქონდათ ჩვენთან კონსულტაციები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტები გვყავდა, აქამდე ვერ დავუთმეთ,“-აცხადებს კოკაია.
მისივე ინფორმაცით, დღეს Inn Group-ის ქსელის სასტუმროები 80-90%-იანი დატვირთვით მუშაობს. თბილისის და გუდაურის სასტუმროებში დამსვენებლების 100% უცხოელებია, ბაკურიანში კი უმრავლესობა ადგილობრივი დამსვენებელია.
კითხვაზე, Inn Group-ისთვის კომერციულად რამდენად მომგებიანია კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშაობა, კოკაია განმარტავს, რომ სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში ჩეული სტატუსით იმუშავებს თუ კოვიდის სტატუსით, შემოსავლის კუთხით დიდი განსხვავება არ იქნება.
„სახელმწიფოსთან გაფორმებული გვაქვს 1 თვიანი ხელშეკრულება, ეს არის სტანდარტული ფორმა. შემდეგ უკვე თუ საჭირო გახდა ისევ გაგრძელდება თანამშრომლობა,“ – აცხადებს კოკაია.
Inn Group-ი საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.
შეგახსენებთ, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე მუშაობენ, რადგან ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა, ამიტომ სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა.
„საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.