მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტული კომპანიების აცოციაცია: ჩვენ წევრ კომპანიებს ცივილური, 25-45%-იანი ფასნამატი აქვთ

ფარმაცევტული კომპანიების აცოციაცია: ჩვენ წევრ კომპანიებს ცივილური, 25-45%-იანი ფასნამატი აქვთ

ფარმაცევტული კომპანიები რომ მაღალი მარჟით მუშაობენ და მედიკამენტებზე ფასს მოგების მიღების მიზნით ზრდიან, ამაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. ხშირად საუბრობენ იმაზეც რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ევროპის რიგ ქვეყნებში მედიკამენტები საქართველოსთან შედარებით გაცილებით იაფია.

პრობლემაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც აღნიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასი ძალიან გაზრდილია.

იზიარებს თუ არა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაცია აღნიშნულ პრობლემას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საკითხი დარეგულირდეს, აღნიშნულ თემაზე „ბიზნესპარტნიორს“ ასოციაციის  აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ვინაიდან არ არის ფასთა რეგულაცია, თეორიულად, ამხელა ფასნამატი შესაძლებელია, თუმცა ასოციაციაში გაერთიანებულ 17 საერთაშორისო კომპანიის მიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე მსგავსი ფასნამატი არ არის. მარგველაშვილი განმარტავს, რომ მათ წევრ კომპანიებს აბსოლუტურად ცივილური ფასნამატი, 25-45%-ის ფარგლებში აქვთ.

მისი ინფორმაციით, ფასნამატს განსაზღვრავს ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიები, ხოლო ის კომპანიები, რომლებიც ასოციაციის წევრები არიან, განსაზღრავენ მიწოდების ფასს საქართველოს ბაზარზე.

„პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი ფასნამატი იგულისხმა. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო კომპანიები ამ ფასნამატს თვითონ არ აწესებენ, დისტრიბუტორთან მოლაპარაკების დროს ცდილობენ მათთან მიაღწიონ მოლაპარაკება, რომ საბოლოო ჯამში ფასნამატი მაღალი არ იყოს. ასოციაციის წევრი კომპანიების შემთხვევაში მსგავსი ფასნამატები არ არის.

ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების მიერ მოწოდბეული მედიკამენტები შეადგენს საქართველოში მიმოქცევაში მყოფი მედიკამენტების დაახლოებით 30%-ს, დანარჩენ 70%-ზე რა ხდება ვერ გეტყვით,“ – აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ჩაატარებს რეალურად კვლევას, რის შემდეგაც გაირკვევა რა ფასნამატებთან გვაქვს საქმე.

„ფასნამატის შესახებ სახელმწიფო ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ იგივე მიზეზით მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ფასნამატების კვლევა ჩაატაროს. მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია საბოლოო რეალიზაციის ფასი შეადაროს იმპორტის ფასს. ამას თუ მთავრობა გააკეთებს და ცალკეული კომპანიების დასახელების გარეშე იქნება დასახელებული ის მედიკამენტები, რომლებზეც ასეთი მაღალი ფასნამატია, ძალიან  საინტერესო იქნება,“ – აცხადებს მარგველაშვილი.

მისი განცხადებით, არსებობს იმის პრეცედენტებიც, რომ მსოფლიოში განვითარებული ეპიდემიის გამო ძალიან ბევრმა საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ გააიაფა მედიკამენტები.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია. წინასწარი ინფორმაციით, ზოგიერთ წამალზე კომპანიების მხრიდან 300-400%-იანი ფასნამატია.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მთავრობამ არსებული სიტუაცია კარგად უნდა შეისწავლოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. მისივე თქმით, საკითხს კონკურენციის სააგენტო სწვალობს და მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს მალე წარადგენს.

მედიკამენტებზე მაღალი ფასის წინააღმდეგ ბრძოლა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე წლის ივლისშიც დაანონსა. რა იარაღით შეებრძოლება ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში არსებულ ამ პრობლემას, არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები მტკივნეული იქნება.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …