ტესტების ჩატარების ვალდებულების გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ვიზიტორი ასევე ვალდებული უნდა იყოს, კოვიდ-დაზღვევა შეიძინოს იმ შემთხვევისთვის, თუ მას საქართველოში შემოსვლის შემდეგ კოვიდ19 დაუდასტურდება და იზოლაციის ან მკურნალობის საჭიროება დაუდგება. შესაბამისი წინადადებით სადაზღვევო ასოციაციამ უკვე მიმართა მთავრობას, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია ჯერ უცნობია. ამის შესახებ jandacva.ge-ს „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ტურისტებს შორის ინფიცირების ის რაოდენობა, რომელიც დასახელდა – 400 შემთხვევა – საქართველოსთვის ძალიან დიდია და მაღალ რისკებს შეიცავს. მომავალში კი, როცა ტურისტული ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება, საფრთხეები კიდევ უფრო მოიმატებს. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს მიმართა ინიციატივით, საქართველოში შემოსვლის შემდეგ, 72-საათიანი ინტერვალით ყველა ტურისტი გაიტესტოს მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულია თუ არა ის. ამ ინიციატივის გაჟღერებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ი უცხოელი ტურისტების მიერ გაყალბებული პისიარ-ტესტების წარმოდგენის შემთხვევებს სწავლობს.
„ქვეყანა წელს 2-3 მილიონ ტურისტს ელოდება. ეს კი ნიშნავს ამდენივე საფრთხეს. საფრთხეა ის, რომ რთულია გაკონტროლება, რეალურად რამდენად მუშაობს მათ მიერ წარმოდგენილი ტურისტული დაზღვევა, ასევე რამდენად რეალურია ტესტის პასუხები, რომელთა წარმოდგენის ვალდებულებაც აქვთ. ამიტომ, ტესტების ადგილზე გაკეთების გარდა, რაც სწორი ინიციატივაა, ასევე უნდა მოქმედებდეს კოვიდ-დაზღვევის შეძენის ვალდებულება. ასეთი დაზღვევის შეძენა მარტივად, ელექტრონულად ან საზღვარზე იქნება შესაძლებელი მექანიზმი მარტივია, და არც ამ პაკეტის ღირებულება იქნება მაღალი. მაგალითად, ერთ სამოგზაურო დღეზე შესაძლოა იყოს დოლარ-ნახევარი. როდესაც ადამიანი 7-დღიანი ტურით მიდის უცხო ქვეყანაში და 2000 დოლარს იხდის, დამატებით 20 დოლარის გადახდა არ უნდა იყოს პრობლემა. ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს პოზიციას,“ – აცხადებს ხეჩინაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული რეგულაციით, საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორი, ინფიცირების შემთხვევაში, იზოლაციის და მკურნალობის ხარჯებს თავად ფარავს. თუმცა დევი ხეჩინაშვილის თქმით, პრაქტიკაში ამ პრინციპის აღსრულება რთულია: თუ კოვიდინფიცირებულ ტურისტს არ აქვს საჭირო თანხა, მას სახელმწიფო ქუჩაში ვერ დატოვებს, რადგან ეს ქვეყნის ეპიდსიტუაციისთვის საფრთხეა. შემდეგ კი ამ თანხების უცხოელი მოქალაქისგან ამოღება პრობლემური იქნება.
ესაა კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც დევი ხეჩინაშვილი უცხოელი ვიზიტორებისთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა უკვე მოქმედებს არაერთ ქვეყანაში.
რაც შეეხება საქართველოდან უცხოეთში წასულ მოქალაქეებს, სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ იქ ჩასულმა მოქალაქემ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, იზოლაციის ან მკურნალობის ხარჯები თავად უნდა აანაზღაუროს, თუმცა, როგორც უცხოელი ტურისტების შემოსვლის შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოშიც ინფიცირებული პირის სამედიცინო სერვისის ან იზოლაციის გარეშე დარჩენა თავად ქვეყნისთვისაა საფრთხე, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ადამიანს უმკურნალებენ, თუმცა კლინიკა შეეცდება ყველა მექანიზმი აამოქმედოს აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით. თუმცა, ხეჩინაშვილის თქმით, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის შემთხვევაში გაწეული მომსახურების საფასურის ამოღება რთული იქნება.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, უცხოეთში წასვლის შემთხვევაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, ადამიანმა კოვიდ-დაზღვევა შეიძინოს, რომელიც დაზღვევის ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ასეთი პროდუქტი ჯიპიაი ჰოლდინგმა უკვე გამოიტანა.