თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტლის მშენებლობის დაწყება გადაიდო. ჰოსპიტალს ოპერირებას ტენდერის საფუძველზე შერჩეული ამერიკული Innova Health Management-ი გაუწევს.
ჰოსპიტლის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანი jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე გადაიდო. ახლა კი პროექტზე მუშაობის დაწყება 2022 წლიდან იგეგმება.
ტვილდიანი განმარტავს, რომ ჰოსპიტლის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 55 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
მისი განცხადებით, ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „თიბისი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი). ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
შეგახსენებთ, პროექტი 2014 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. მის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა“ და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.