„ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შერევა ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს – ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Bloomberg-ი წერს და მოჰყავს ოქსდორდის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც ჟურნალ Lancet -ში გამოქვეყნდა. სტატიის თანახმად, Pfizer-ის, შემდეგ კი Astra-ს ვაქცინის გაკეთებამ, ან პირიქით, გამოიწვია Covid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია. ინექციებს შორის ინტერვალი 4 კვირა იყო.
Bloomberg-ის თანახმად, მედიკოსები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ვაქცინების მარაგების გაზრდის სხვადასხვა მეთოდზე მუშაობენ – მაგალითად, პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის პერიოდის გაზრდით, რადგან დაბალი და საშუალო შემოსავლის ბევრი ქვეყანა ვაქცინების დეფიციტის პრობლების გადაჭრას ცდილობს.
კვლევებში მონაწილეობა მიიღო 830-მა მოხალისემ, რომელთა ასაკი 50 წელი და მეტი იყო. ცდები ჩატარდა მხოლოდ იმ ვარიანტზე, რომელიც პირველად უხანში დაფიქსირდა. მეცნიერთა თქმით, მომდევნო კვლევები სხვა შტამების მიმართაც ჩატარდება, რაც მკვლევარებს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, რომელი ვაქცინები და ვაქცინების რა კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული ზამთრის ვაქცინაციის პროცესში. მომდევნო ეტაპზე მკვლევარები „მოდერნას“ და „ნოვავაქსის“ ვაქცინების კომბინაციას შეისწავლიან.
ადრეულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ პრეპარატების შერევის შედეგად ვაქცინაციის გვერდითი ეფექტებიც გაძლიერდა, კერძოდ თავის ტკივილი და დაღლილობა, თუმცა ამ სიმპტომებმა მალევე გაიარა.