შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი არა ლარის გაცვლითი კურსით, არამედ ეკონომიკური ზრდით ითვლება.
როგორც სერგეენკომ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, 2016 წლის ბიუჯეტი 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. სერგეენკოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ყველა პროექტი ძალაშია და ამ კუთხით, არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
“ყველა პროექტი ძალაშია, ყველა პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, მისი ერთ-ერთი სამუშაო ვერსიის განხილვაც იყო. ალაბთ, ეკონომიკური გუნდის მინისტრები უფრო ზუსტად იტყვიან, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, ქვეყნის ბიუჯეტის დათვლის დროს, ლარის კურსი არ ითვლება, ითვლება ეკონომიკური ზრდა და ამ მხრივ, 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი 2016 წლის ბიუჯეტი. ვიმეორებ, ლარის კურსით არ ითვლება ბიუჯეტი. ყველა ის მიმდინარე პროექტი, რაც არის დაგეგმილი, წავა გეგმის მიხედვით”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.