მთავარი » ახალი ამბები » ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც წარმოდგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის COVID -19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს.

მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა გამოყო 210 მილიონი ევროს ოდენობის სესხები და გარანტიები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მხარდასაჭერად და COVID -19 პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკის გამოსვლის პროცესის დასაჩქარებლად. ევროკავშირის ბანკის დახმარების პაკეტი მოიცავს 100 მილიონ ევროს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე 110 მილიონ ევროს, რომელიც  საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გადაეცემა ქვეყანაში არსებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ეკონომიკის სწრაფად აღდგენის ხელშესაწყობად ასევე გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფში შემავალი ევროპის საინვესტიციო ფონდიდან დამატებით 250 მილიონი ევრო გარანტიების სახით გამოყოფა. გარანტიები უზრუნველყოფილია InnovFin–ის – ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: „ვაქცინები და COVID – 19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და პანდემიის მაქსიმალურად მოკლე დროში დასასრულებლად. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს იმით, რომ მას აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში, რაც ქვეყანას გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ძლიერი და განვითარებული საქართველო არის როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროპის გუნდის მიზანი. იმედი მაქვს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში COVID -19-ის საწინააღმდეგო ზომების გატარებაზე, აღნიშნა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი  თანხით, 50 მილიონი ევროს ოდენობით, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავხადოთ ჯანმრთელობის დაცვის სექტორი პრიორიტეტულ მიმართულებად, გავაძლიეროთ ქვეყნის მედეგობა COVID -19-ის მიმართ და ჩვენი შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან გასამკლავებლად. აღნიშნული თანხა მოგვცემს შესაძლებლობას, ვაქცინების შესყიდვის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და COVID -19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოების დასახმარებლად თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გზით, აქტიურად შევებრძოლოთ პანდემიას. გარდა ამისა, სამინისტროს სახელით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ევროპის ინვესტიციის ბანკს, მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ადამიანების ჯანმრთელობისათვის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისათვის დამანგრეველი ზემოქმედების მქონე COVID -19-ის პანდემიით გამოწვეული მძიმე კრიზისის დასაძლევად“.

კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, აღნიშნა: „ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას პანდემიის პერიოდში, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირის ბანკის, მიერ გამოყოფილი თანხა კიდევ უფრო დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სექტორს. ეს არის COVID -19-თან ბრძოლასა და კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ უზრუნველყოფილი 500 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილი.“

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის უზრუნველყოფილი დახმარებით, რომელიც 2020 წელს გაგრძელდა, შესაძლებელი გახდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ხუთი წამყვანი საავადმყოფოსა და სამედიცინო დაწესებულების მოდერნიზება, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა. აღნიშნული დახმარების ფარგლებში ფინანსურმა ინსტიტუტებმა ადგილობრივი კომპანიებისათვის შექმნეს ახალი საკრედიტო ხაზები, რომლებიც მათ ლიკვიდურობის პრობლემების გადაჭრის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების და საკუთარი ინვესტიციებისა ან გაფართოების გეგმების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.

ევროპის საინვესტიციო ბანკისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში, მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე მომუშავე 20 ევროპული სამედიცინო და ბიოლოგიური ტექნოლოგიური კომპანიისთვის დღემდე უზრუნველყოფილი დაფინანსების მოცულობა 700 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა Pfizer/BioNTech ვაქცინის შემქმნელ გერმანულ კომპანია BioNTech-ში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის ფონზე, აღნიშნული ინვესტიცია ასახავს ევროპის საინვესტიციო ბანკის ძალისხმევას COVID-19-ის ახალი და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების შექმნის მხარდაჭერის მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეს სამსახურს.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …