კოვიდ-კლინიკები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე – COVMOB.MOH.GOV.GE სტატისტიკურ მონაცემებს არ ატვირთავენ, ატვირთავენ არასრუად ან ვადის დარღვევით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან.
შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ შემდეგი შინაარსის პუნქტი დაემატა:
„21. „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანების 24 პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის სამინისტროს პორტალზე – COVMOB.MOH.GOV.GE არასრულად და/ან ვადის დარღვევით ატვირთვა ან აუტვირთველობა გამოიწვევს დაჯარიმებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში jandacva.ge-ს განუმარტეს, ჯარიმა სალიცენზიო-სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად დაწესდება, რაც 10 ათასამდე თანხას ითვალისწინებს. დარღვევის გამეორების შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცემა.