„ავერსის“ ლაბორატორიებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის ანალიზზე დღეში საშუალოდ 60-70 ადამიანი მიმართავს და ეს სერვისი საკმაოდ მოთხოვნადია. ამის შესახებ jandacva.ge-ს „ავერსის კლინიკის” ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ძნელაძემ განუცხადა. მისი თქმით, COVID-19-ის საწინააღმდეგო IgG კლასის ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა II გენერაციის ტესტით ხდება და საკმაოდ ინფორმატიულია.
ნანა ძნელაძის განცხადებით, აღნიშნული ტესტი განსაზღვრავს როგორც აცრის, ისე კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამომუშავებულ ანტისხეულებს და მინიმალური ზღვარი 50 ერთეულს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, ჰქონდათ შემთხვევა, როდესაც ეს მაჩვენებელი აცრილი ადამიანის შემთხვევაში 15 ათასის დონეზეც კი დაფიქსირდა.
ნანა ძნელაძე განმარტავს, რომ სხვადასხვა მწარმოებლის ტესტს აღნიშნული რეფერალური საზღვრები განსხვავებული აქვს.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აცრის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების განსასაზღვრი ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან შესაძლოა ადამიანს იმუნიტეტი ჰქონდეს, თუმცა ეს არ გამოისახებოდეს ანტისხეულების რაოდენობაში, ნანა ძნელაძე ამბობს, რომ აღნიშნული ტესტი, ისევე როგორც სხვა ანალიზები 100%-იანი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ანტისხეულები ფიქსირდება და მათი რაოდენობა საკმაოდ ინფორმატიულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა დღეს ერთერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ აცრის შემდეგ ანტისხეულების კონტროლი საჭირო არაა. მისი თქმით, მსგავსი კვლევები არის ტვირთი ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან კლინიკებს მათ უწევთ არფრისმომცემი დანახარჯის გაწევა და მედპერსონალის მოცდენა არასაჭირო ანალიზისთვის.
ამასთან, ზახაშვილის განმარტებით, თუ ადამიანს ანტისხეულები არ აღმოაჩნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ანტისხეული არ აქვს, რადგან არის სხვა მეხსიერება ანტიგენის მიმართ. ამიტომ, ეპიდემიოლოგის განმარტებით, როგორც კი ადამიანს კოვიდის გამომწვევებთან ექნება კონტაქტი, ეს მეხსიერება დაიწყებს დაცვის გამომუშავებას და პირი დაცული იქნება დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.
ამ ეტაპზე ანტისხეულების შემოწმების სერვისს მოსახლეობას არაერთი კლინიკა სთავაზობს. ასეთი ანალიზის ღირებულება 30-50 ლარის ფარგლებშია.