ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ტერიტორიის სიღრმეში განთავსდება მრავალპროფილური საავადმყოფო.
ამის შესახებ jandacva.ge-ს პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ლეჩკომბინატი №1“–ში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა გამწვანებულ სივრცეს, ლანდშაფტურ-სარეკრწაციო დანიშნულებით. ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება როგორც საავადმყოფოს, ასევე პარკისა და მუზეუმის ვიზიტორებს. ტერიტორიის მომიჯნავედ დაგეგმილია ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობაც.
შეგახსენებთ,ვაკის ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა (წარსულში შპს დილა 2010-ი) 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტში კომპანიამ 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.
პროექტის მშენებლობა 2019 წელს მომხდარი ტრაგედიის გამო გარკვეული ვადით შეჩერებული იყო. მაშინ სამუშაოების დროს 2 მუშა გარდაიცვალა.