საქართველოში აცრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების 1300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთჯერადად აცრილთა შემთხვევაში ესაა 0,8% (დაახლოებით 1240 მოქალაქე), ხოლო ორჯერადად იმუნიზებულებს შორის 0,2% (დაახლოებით 75 ადამიანი).
Jandacva.ge რამდენიმე დიდ კოვიდმიმღებ კლინიკას დაუკავშირდა და მათ უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათთან აცრის შემდეგ ინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები დაფიქსირდა. იყო შემთხვევა, როდესაც საჭირო გახდა პაციენტის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება, თუმცა არცერთი ასეთი შემთხვევა ლეტალურად არ დამთავრებულა. ამასთან, როგორც ირკვევა, ყველა ასეთ შემთხვევაში ინფიცირება და ჰოსპიტალიზაცია პირველი აცრიდან რამდენიმე დღეში მოხდა.
მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, მათთან აცრის შემდეგ ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთ შემთხვევაში პაციენტის ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსება გახდა საჭირო – „ასტრაზენეკათი“ აცრილი პაციენტი კლინიკაში ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მოხვდა. ლიკა მუმლაძის თქმით, 4 შემთხვევას შორის „ფაიზერით“ აცრილი მოქალაქეებიც იყვნენ და ყველა მათნაგის ინფორმაციით, აცრა რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ ჩატარებული. ლიკა მუმლაძის თქმით, ასევე იყო შემთხვევა, როდესაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი მედიკოსი დაინფიცირდა, თუმცა ეს აცრიდან მე-6 კვირას მოხდა და დაავადება მსუბუქ ფორმებში განვითარდა.
„ეს შემთხვევები ადასტურებს, რომ აცრა მუშაობს. აცრის შემდეგ დაინფიცირების შემთხვევები ძირითადად საყოფაცხოვრებო კონტაქტებს უკავშირდება. შესაძლოა, პირველი აცრის შემდეგ ადამიანები მოდუნდნენ. თუმცა ფაქტია, რომ თუკი ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული დროა გასული, ვაქცინა უკვე პირველი დოზის შემდეგ მუშაობს,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
აცრის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, დაავადება მსუბუქ ფორმებში წარიმართა.
ანალოგიური ფაქტები ფიქსირდება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშიც, რომლის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ჰქონდათ მძიმე შემთხვევებიც, თუმცა ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა და მძიმე შედეგი არ დაფიქსირებულა.
აცრის შემდეგ დაინფიცირებულის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ ყოფილა ბოჭორიშვილის კლინიკაში.
იაშვილის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მსგავსი ფაქტების მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ პირველი დოზა „წყალში გადაყრილია“, მისი თქმით, პირველი ინექციის შემდეგაც არის გარკვეული იმუნიტეტი, თუმცა არა – მაქსიმალური. ამის მაგალითად მას საკუთარი შემთხვევა მოჰყავს, როდესაც მას ჰქონდა საყოფაცხოვრებო კონტაქტი ინფიცირებულთან, რის შედეგადაც, ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი სხვა პირები დასნებოვდნენ, თავად კი არ დაინფიცირებულა, რასაც ჩხაიძე „ასტრაზენეკას“ ერთი დოზით აცრას უკავშირებს.
ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინის, მათ შორის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ამ პერიოდში დაცვის დონე დაბალია და ვაქცინაციის მაქსიმალური დამცველობითი უნარი ორგანიზმში მეორე აცრიდან 2 კვირაში ყალიბდება.