მთავარი » დაზღვევა » “თიბისი დაზღვევა”: ბევრი კომპანიისგან განსხვავებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე გათვლები პანდემიამდე გავაკეთეთ

“თიბისი დაზღვევა”: ბევრი კომპანიისგან განსხვავებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე გათვლები პანდემიამდე გავაკეთეთ

ინტერვიუ “თიბისი დაზღვევის” ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორთან ნინო გაჩეჩილაძესთან

–  ორი წელია, რაც თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შევიდა. რა სეგმენტზე მუშაობთ და რამდენი დაზღვეული გყავთ?

–  ამ მომენტისთვის 20 ათასი დაზღვეული გვყავს. ჩვენ მხოლოდ კორპორატიულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები.

–  რატომ არ შედიხართ საცალო სეგმენტში?

–  ეს ნაწილი არამიმზიდველია ჩვენთვის, რადგან საქართველოში ძალიან ცოტაა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ პროდუქტის მომხმარებლები იქნებიან. ესენი არიან თვითდასაქმებულები, ფრილანსერები, აიტი და სხვა სფეროს სპეციალისტები, რომლებიც დაკვეთებზე მუშაობენ. ფიზიკური პირების ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერი ჯიპიაი-ჰოლდინგია. ჩვენ ამ ეტაპზე აღნიშნულ ბაზარზე შესვლას არ განვიხილავთ, რადგან ეს ბევრად სარისკო სეგმენტია. ასევე არ შევდივართ სახელმწიფო კომპანიებში, რადგან ჩვენი მთავარი პრინციპი ხარისხის შენარჩუნებაა, ერთი სამინისტროს ათიათასობით თანამშრომლის დაზღვევის პირობებში კი ხარისხი „გაგვექცევა.“

–  ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში თქვენი შესვლიდან მალევე პანდემია დაიწყო. რა შეცვალა ამან თქვენ საქმიანობაში?

–  მიუხედავად პანდემიის მიერ შექმნილი პრობლემებისა, კომპანიებმა ჩათვალეს, რომ  თანამშრომლების ჯანმთელობის დაზღვევა უნდა იყოს ბოლო სფერო, სადაც ისინი ეკონომიას გააკეთებდნენ. ამიტომ ბაზარი არ შემცირებულა, თუმცა ბიზნესოპერატორების ნაწილი – ძირითადად ტურიზმის, რესტორნებისა და სასტუმროების სფეროში – გაკოტრდა და, შესაბამისად, ეს კლიენტურა დავკარგეთ. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებსაც ფუნქციონირება არ შეუწყვეტიათ და პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ, ჩვენ ახალი კონტრაქტები გავუკეთეთ, სადაც გადასახადი გადავუვადეთ. გადავადების პერიოდში კი არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მათთვის მომსახურების გაწევა.

–  პანდემიამ დააჩქარა დაზღვევის სერვისების ციფრულ არხებზე გადაწყობა?

–  ზოგადად, ქართულ ბაზარზე დააჩქარა, თუმცა ჩვენ შემოსვლისთანავე, პანდემიის დაწყებამდე მთავარი გათვლები ციფრულ ტექნოლოგიებზე გვქონდა გაკეთებული. დღეს სადაზღვევო კომპანია განსაკუთრებულ პირობებს ვერ მოიფიქრებს გარდა მომსახურების გამარტივებისა. სწორედ ეს იყო ჩვენი უპირატესობა – ონლაინ-სერვისები და ანაზღაურების დისტანციური სისტემა. ბაზარზე ჩვენი შემოსვლის პერიოდისთვის გამართული ონლაინ-აპლიკაცია მხოლოდ „ჯიპიაის“ ჰქონდა. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული დისტანციურად ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ლიმიტი იმ დროს, როდესაც სხვა ბევრი კომპანია გარკვეული თანხის ზემოთ ოფისებში მისვლას ითხოვს. მართალია, ეს წესი პანდემიის დროს მოიხსნა, თუმცა შემდეგ კომპანიების დიდი ნაწილი მას ისევ დაუბრუნდა. ჩვენ კი ბაზარზე შემოსვლისთანავე, პანდემიის დროსაც და შემდეგაც ყოველგვარი ლიმიტის გარეშე ონლაინ-ანაზღაურების პრინციპით ვმუშაობთ. ამასთან, არ ვითხოვთ დოკუმენტაციის ორიგინალს. 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება ერთ სამუშაო დღეში ხდება, უფრო მეტის  – სამ სამუშაო დღეში. მომსახურების სიმარტივე არის ის მთავარი უპირატესობა, რაც სხვა კომპანიებისგან გამოგვარჩევს. პანდემიის პერიოდში ბევრი კომპანია იძულებული გახდა, ონლაინ-სერვისებზე გადასულიყო, ჩვენ კი თავიდანვე ამ კურსით შემოვედით ბაზარზე. ამაში დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორი ონლაინ კლინიკა რედმედი, რომლის საშუალებით შესაძლოა ექიმის ბინაზე ვიზიტის დაჯავშნა, ასევე პაციენტთან აუდიო და ვიდეოკონსულტაცია.

–  ციფრულ არხებზე გადასვლამ ხომ არ გამოიწვია იმ ადამიანების ინტერესების დაზარალება, რომლებიც ტრადიციული სერვისებით სარგებლობენ?

–  არა, რადგან ჩვენ ისევ აქტიურად ვამუშავებთ „დესკებს“, ფილიალებს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მომსახურების ადგილზე მისვლა. ჩვენს მომხმარებლებს შორის ყველა სეგმენტია წარმოდგენილი – დაწყებული მაღალი შემოსავლების მქონე პირებით, დამთავრებული საშუალო და მცირე შემოსავლების მქონე თანამშრომლებით.

–  პანდემიის შემდეგ ერთერთი სერიოზული გამოწვევა ლარის გაუფასურებაა. გააძვირა თუ არა ამან თქვენი პროდუქტები?

–  ამ ეტაპზე არა, თუმცა ეს გარდაუვალია. არა იმიტომ, რომ ლარის გაუფასურების შესაბამისად ვზრდით ფასებს, არამედ იმიტომ, რომ სამედიცინო სერვისები მკვეთრად გაძვირდა.

–  კერძო დაზღვევის წილი მოსახლეობაში დაბალია და 17 პროცენტს შეადგენს. როგორ შეაფასებთ ამ მდგომარეობას არა მხოლოდ თქვენი ბიზნესის, არამედ ზოგადად, სადაზღვევო ბაზრის განვითარების კუთხით?

–  ერთი ფაქტორია ის, რომ ადამიანებს დაზღვევის საშუალება არ აქვთ და მათთვის სხვა ხარჯებია პრიორიტეტული. ასევე არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფაქტორი, რომელიც ბევრ სამედიცინო სერვისს ფარავს და ადამიანები თავს მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობენ. ეს კი დაზღვევის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. სამწუხაროდ, საქართველოში დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ არასათანადო დონეზეა და ადამიანების დიდი ნაწილი – მათ შორის ისინი, ვისაც აქვს ამის ფინანსური რესურსი – არ ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე მნიშვნელოვანია.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …