მთავარი » დაზღვევა » ონკოლოგიური დიაგნოზის გადამოწმება უცხოელ სპეციალისტებთან – ჯიპიაი ჰოლდინგმა ახალი სერვისი აამოქმედა

ონკოლოგიური დიაგნოზის გადამოწმება უცხოელ სპეციალისტებთან – ჯიპიაი ჰოლდინგმა ახალი სერვისი აამოქმედა

ჯიპიაი ჰოლდინგმა დაზღვეულებისთვის ახალი სერვისი აამოქმედა.  სერვისი ავტომატურად შედის ონკოქეარისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, საერთაშორისო კონსილიუმის სერვისი ავტორიტეტულ საერთაშორისო კომპანია SWISS RE- სთან თანამშრომლობით დაინერგა.

სიახლის მთავარი პრინციპი ისაა, რომ დიაგნოზის გადამოწმებისას, დაზღვეული უცხოელი სამედიცინო ექსპერტებისგან მკურნალობის ახალ გეგმას იღებს.

„დაზღვეულებს საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში დიაგნოზზე დამატებითი ინფორმაციის, ე.წ. მეორე აზრის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. საერთაშორისო კონსილიუმი – ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც პაციენტების სამედიცინო ისტორიას და დიაგნოზს მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ.  დაზღვეულებისთვის ამ სერვისის მიწოდებას   საერთაშორისო კომპანია „მედიგაიდთან“ და კლინიკა „კურაციოსთან“ ერთად განვახორციელებთ,“ – აცხადებენ კომპანიაში და ამბობენ, რომ როდესაც საუბარია სერიოზულ სამედიცინო პრობლემაზე, პაციენტებს ხშირად სურთ, მოისმინონ მეორე აზრი სხვა სპეციალისტებისგანაც. საერთაშორისო კონსილიუმი სწორედ ამ მომსახურებას შეიცავს – მარტივად და ზედმეტი თანხის გადახდის გარეშე ერთი ზარის საშუალებით, „ჯიპიაი“-ს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, დაზღვეული თავად აირჩევს კლინიკას და სამედიცინო მონაცემების გადაგზავნის შემდეგ, მის დიაგნოზს დარგის წამყვანი სპეციალისტები კონსილიუმზე განიხილავენ. დაწრვილებით მიმოხილვას და რჩევებს, თუ რა არის უმჯობესი კონკრეტული დიაგნოზის მკურნალობისას, პაციენტები 10 სამუშაო დღეში მიიღებენ.

ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორის ბესიკ ფესტვენიძის შეფასებით,  საერთაშორისო კონსილიუმის სერვისი არის სრულიად ახალი მიდგომა და შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის, რომ მისი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო მიდგომა აირჩიოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დაზღვეულებს წვდომა ჰქონდეთ მსოფლიოს წამყვან ექიმებთან  და უახლეს სამედიცინო სერვისზე. თუ მცირე ეჭვი მაინც აქვთ, შესაძლებლობა მივცეთ , გადაამოწმონ საქართველოში დასმული დიაგნოზი  და მკურნალობის უფრო თანამედროვე მეთოდებით სარგებლობა შეძლონ. მესამე წელია კიბოს რისკისგან დაზღვევას ვთავაზობთ ადამიანებს და ამ პროგრამის ფარგლებში დაზღვეულები ხშირად გვთხოვდნენ, მათთვის საზღვარგარეთ კლინიკის შერჩევაში დახმარება გაგვეწია. ჩვენც რა თქმა უნდა ყველა მათგანს ვაკავშირებდით კლინიკებთან, თუმცა როგორც წესი იქ წასვლა და მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საერთაშორისო კონსილიუმი კი საუკეთესო საშუალებაა ყველანაირი ხარჯის გარეშე მსოფლიოს მოწინავე  ექიმები გაეცნონ შენს დიაგნოზს და გამოგიგზავნონ მკურნალობის გეგმა, თანაც ისე, რომ  ქვეყნის დატოვება არ მოგიწევს.  ტელემედიცინა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული მეთოდია და სწორედ ამ მეთოდს ვნერგავთ ჩვენთანაც, დაზღვეულები შეძლებენ დისტანციურად გაიარონ ექიმთან კონსულტაცია მსოფლიოს ნებისმიერ წერილში. ვფიქრობ, ყველა ადამიანი იმსახურებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო დონის კლინიკებთან და მისი განკურნებისთვის  საუკეთესო გზა აირჩიოს,“ – განაცხადა ფესტვენიძემ.

საერთაშორისო კონსილიუმის სერვისით სარგებლობა მომხმარებლებს ჯიპიაის კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევისა და პოლისი „ონკოქეარის“ შეძენის დროს შეუძლიათ. დიაგნოზის გადამოწმების  სერვისს   პოლისის ღირებულება სრულად ფარავს და დაზღვეულს დამატებითი თანხის გადახდა არ სჭირდება. დიაგნოზის გადასამოწმებლად ჯიპიაის დაზღვეულმა უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე  და გაესაუბროს მედიგაიდის წარმომადგენელს. სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადებას და თარგმნას კლინიკა „კურაციო“ უზრუნველყოფს.  შემდეგ შემოთავაზებული კლინიკებიდან იგი თავად არჩევს რომელ სამედიცინო ცენტრში გადამოწმდეს მისი დიაგნოზი. სამედიცინო ისტორიის შევსების შემდეგ არჩეულ კლინიკასთან ყველა საკითხს „მედიგაიდი“ მოაგვარებს გადამოწმებულ დიაგნოზს, დასკვნას და მკურნალობის განახლებულ გეგმას პაციენტი 10 სამუშაო დღეში მიიღებს.  მკურნალობის პროცესში ჩართული იქნება ადგილობრივი ექიმიც, ახალი მკურნალობის გეგმის გავლა და დაგეგმვა უკვე მასთან ერთად მოხდება.

მედიგაიდი“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1990 წელს აშშ-ში დაარსდა და 152-ზე მეტ ქვეყანაში აძლევს საშუალებას ადამიანებს სამედიცინო დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმონ. 100-ზე მეტი პარტნიორი კლინიკის დახმარებით „მედიგაიდი“ არის ლიდერი კომპანია ბაზარზე, რომელიც პაციენტებს საერთაშორისო კონსილიუმის სერვისს სთავაზობს.

„ონკო ქეარი“ კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამაა, რომელსაც ჯიპიაი უკვე მესამე წელია ახორციელებს. კომპანია ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში 20-მდე დაზღვეულს დაეხმარა და  კომპენსაციის სახით 1.5მლნ ლარზე მეტი გასცა.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …