მთავრობა ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ქმნის.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება №220 უკვე გამოქვეყნდა.
დადგენილების თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
სააგენტოს შექმნის მიზნით, უქმდება სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო; სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური) ის სამსახურები/ფუნქციები, რომლებიც პასუხს აგებენ ან ახორციელებენ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების საქმიანობის მიმართულებით (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციონირებასა და აიტი პროდუქტებისა თუ პროცესების მართვა-მომსახურებაზე).
დოკუმენტის თანახმად, სამინისტრომ და ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სსიპ-ებმა უნდა უზრუნველყონ: რეორგანიზაციის გამოცხადება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; ინფორმაციული ტექნოლოგიების საქმიანობის მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომელთა განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, სააგენტოს შექმნის მიზანია ჯანდაცვაში ტექნიოლოგიური გადაწყვეტის პროცესების კიდევ უფრო სწრაფი და მეტად კოორდინირებული განვითარება. მისივე თქმით, დღეს სისტემაში მუშაობს სხვადასხვა სსიპ-ი და ყველას სჭირდება საინფირმაციო უზრუნველყოფა. მაკოორდინებელი უწყება კი გააუმჯობესებს ელექტრონული ჯანდაცვის პროცესებს. რაც შეეხება რეორგანიზაციას, გაბუნიას თქმით, ის დასჭირდება ამ პროცესს, რათა რესურსმა, რომელიც განაწილებულია სხავადასხვა უწყებაში, თავი მოიყაროს ერთ ადგილას და იმუშაოს ერთი გუნდის ფორმით.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გლობალურ დიგიტალურ სისტემებში ინტეგრაცია უფრო მარტივად და უკეთესად შეძლოს, მოხდეს ჯანდაცვის ინფორმაციის ურთიურგაცვლა ევროსივრცესთან და ტელემედიცინის პერსპექტივების განვითარება.