ჯიპიაი ჰოლდინგი ონკოდაზღვეულებს სიახლეს სთავაზობს – cancer insurance-ის პაკეტში უკვე შევიდა ე.წ. საერთაშორისო კონსილიუმის მომსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეულს შეუძლია მოისმინოს ალტერნატიული აზრი მისი დაავადების მკურნალობის სქემის შესახებ. ამ მიზნით მისი საბუთები იგზავნება საზღვარგარეთ წამყვან კლინიკებში, რომელსაც თავად ირჩევს და ხდება დიაგნოზის შესწავლა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ალტერნატიული სქემა შეეთავაზება. როგორც კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა, პაკეტში სიახლეების შეტანა აღნიშნულ სერვისზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება, რაც პანდემიის პერიოდშიც ფიქსირდება.
Cancer insurance-ი (იგივე „ონკო ქეარი“) არ არის ჯანმრთელობის დაზღვევა, ეს არის პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურების შემთხვევაში დაზღვეული პაკეტით განსაზღვრულ კომპენსაციას იღებს, რომელიც, ლიმიტის მიხედვით, 200 ათას ლარამდე ადის. თანხის განკარგვაში ის სრულად თავისუფალია – სადაზღვევო კომპანია მისგან მკურნალობისთვის საჭირო საბუთებს არ ითხოვს, როგორც ესა ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაშია. კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ.
ერთადერთი გამონაკლისი არის დაზღვევამდე არსებული ონკოლოგია, მოცდის პერიოდი 6 თვეს შეადგენს.
ონკო ქეარის შეძენა 65 წლამდე ნებისმიერ პირს შეუძლია.
პოლისის შესაძენად წინასწარი კვლევები საჭირო არ არის და მისი შეძენა როგორც ონლაინ (Mygpi.ge), ისე კონსულტანტის მეშვეობითაა შესაძლებელი
პოლისის ამოქმედებიდან, 2019 წლიდან დღემდე „ჯიპიაი ჰოლდინგს“ უკვე 1,5 მილიონი ლარის კომპენსაცია აქვს გაცემული, ამ ეპატზე პოლისი 10 ათასამდე ადამიანს აქვს შეძენილი. თანხა 20-მდე პირზე გაიცა.
რაც შეეხება გადასახდელ თანხას, ის დამოკიდებულია ასაკზე და ლიმიტზე – დაბალ ასაკზე თვიურად ეს თანხა წელიწადში 12-20 ლარია და პაკეტის სრულწლოვნის მიერ შეძენის შემთხვევაში პირობები 18 წლამდე შვილებზე ავტომატურად ვრცელდება.
თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, ბაზრზე მოქმედებს ე.წ. კრიტიკული დაავადების დაზღვევა, რომელშიც შედის სიცოცხლისთვის საშიში 7 დაავადება, მათ შორის სიმსივნეც, cancer insurance-ის მსგავსი, უშუალოდ სიმსივნისკენ მიმართული შეთავაზება კი მხოლოდ „ჯიპიაი ჰოლდინგს“ აქვს.