დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. იმუნიზაციის პროცესი რამდენიმე ტელეარხის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
„სიმბოლურია, რომ დღეს პირველად ვიცრები ახალი ვაქცინით. მესამე ვაქცინაა, რომელიც ინერგება ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი ქვეყნაში, დავიწყეთ „ასტრაზენეკათი“, შემდეგ განვითარდა „ფაიზერით“. ასევე დღეიდან დაიწყო აცრა ჩინური წარმოების ვაქცინით „სინოფარმით“, რომელიც საკმაოდ აპრობირებული ვაქცინაა. ამ ვაქცინით აცრები 45 ქვეყანაში მიმდინარეობს. ის ეგრეთ წოდებული, ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, რასაც თქვენ, ყველანი მიჩვეული ხართ. ბევრს ამ ტექნოლოგიით გაკეთებული გაქვთ ბავშვობის პერიოდში აცრები. ეს არის ეგრეთ წოდებულ ინაქტირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მილიონი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში. მოგეხსენებათ. ჩვენთან აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან იწყება აცრები. სიმბოლურია, რომ აცრა ჩავიტარე ჩემს ალმამატერში, ამ საავადმყოფოში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც აქ მუშაობს, მათთან ერთად გავიზარდე, ჩამოვყალიბდი ექიმად, მეცნიერად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი დღეიდან დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე. 4 მაისს ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში დაიწყო, სადაც 33 ამცრელი ბრიგადა მუშაობს. 5 მაისიდან კი მათ დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.