ჰემოფილიის სამკურნალო მედიკამენტების შეძენისთვის წელს სახელმწიფომ 7 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ და განმარტავენ, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია.
„გაზრდილი რაოდენობით შესყიდული ფაქტორ – კონცენტრატები ეტაპობრივად იძლევა პროფილაქტიკურ მკურნალობაზე გადასვლის საშუალებას (მიმდინარე ეტაპზე პროფილაქტიურ მკურალობაზე გადასული არიან ბავშვები), რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს ჰომოფილიით დაავადებული ყველა პაციენტი, როგორც ამბულატოიული/სტაცონარული მომსხურების მიღების, ასევე მედიკამენტებთ უზრუნველყოფის კუთხით. მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკურნალობას გადის როგორც 1 წლის, ასევე 80 წლის ბენეფიციარი. რადგან ჰემოფილიის რამდენიმე ფორმა არსებობს, სამკურნალო მედიკამენტებიც განსხვავებულია, შესაბამისად პაციენტები ღებულობენ სხვადასხვა მედიკამენტებს მათი დიაგნოზის მიხედვით. არსებობს ასევე ჰემოფილიის ინჰიბიტორული ფორმები, როცა ზემოხსენებული მედიკამენტის ორგანზმში შეყვანის შემთხვევაში აღიქმება როგორც უცხო და შედედების პროცესი აღარ მიმდინარებს. სწორედ ასეთი ფორმის ჰემოფილიის მქონეა ის 4 პაციენტი, რომელიც ღებულობს ახალ სამკურნალო -პროფილაქტიკურ მედიკამენტს,“– აცხადებენ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში.
აპრილის მიწურულს ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და ხელშეწყობით მოეწო, რომელიც მიზნად ისახავს, ჰემოფილიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას, პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.
ექსპერტების თქმით, დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. საქართველოში ჰემოფილიის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რისი დამსახურებითაც პაციენტები ჰემოფილიით გამოწვეული სისხლდენით აღარ იღუპებიან.
საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო სხვადასხვა მედიკამენტით აფინანსებს, მათ შორის არის ინოვაციური მედიკამენტი – კანქვეშა ინექცია, რომელიც 2018 წელს დარეგისტრირდა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის არის განკუთვნილი, რაც პაციენტებისთვის შესაძლებელს ხდის ცხოვრებას სისხლდენის გარეშე და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ 400–მდე ადამიანიდან მხოლოდ 4 პაციენტი მკურნალობს ინოვაციური მედიკამდენტით. რატომ არ ფართოვდება პროგრამა, სად არის პრობლემა – ექიმებში, პაციენტებში თუ არასაკმარის ბიუჯეტში. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთ მიზეზად, აღნიშნული ინოვაციური მედიკამენტის ეფექტურეობის თაობაზე ინფორმაციულობის დაბალი დონე სახელდება.ამ ფონზე არსებობს უცხოური გამოცდილებაც, რომელზეც დაყრდნობით კანქვეშა ინექცია წარმატებით გამოიყენება ზრდასრულებსა და ბავშვებშიც. მეორე მიზეზად მწირი სახელმწიფო ბიუჯეტი სახელდება, რომლის გაფართოებაზეც ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია, რომ ექიმებიც არ ჩქარობენ პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებს ინოვაციური მედიკამენტით უმკურნალონ.
ამ კითხვებს საქართველოს ჰემოფილიის და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე პასუხობს და მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებს ასახელებს.
„დაფინანსების საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად აქვს აღებული სახელმწიფოს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ბიუჯეტი არასაკმარისია, რა თქმა უნდა სასურველია მეტი დაფინანსება იყოს, რადგან კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა სხვა დაავადებებისთვის გამოყოფილ თანხებს თუ შევადარებთ, საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი აქვს ჰემოფილიის პროგრამას. თანაც, ამ ეტაპზე საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს და არც იმის საჭიროება, რომ კანქვეშ ინექციაზე რომელიმე პაციენტი კიდევ გადავიყვანოთ. საჭიროება გაჩნდება ნელ–ნელა. შესაბამისად, ბევრი შრომით და მუშაობით ჩვენც ასე ეტაპობრივად ვცდილობთ სერვისების განვითარებას და დახვეწას. ჩვენ რომ ამ პრეპარატის გამოყენება დავიწყოთ არაინჰიბიტორულ ფორმებზე, ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს. ხარჯების გარდა, მეორე ფაქტორი არის ის, რომ ახალი პრეპარატია და ყველა პაციენტის ერთიანად გადაყვანა არ არის გამართლებული. იგივე რეკომენდაცია აქვთ პედიატრებსაც და ზოგადად ექიმებს, ურჩევნიათ დააკვირდნენ პრეპარატს, შემდეგ გამოიყენონ ბავშვებში და გასცენ რეკომენდაცია. მშობლებმაც შეიკავეს თავი, იმის მიუხედავად რომ მედიკამენტის შესახებ ინფორმირებულობის დონე საკმაოდ მაღალია. ყველაფერი ინდივიდუალურია, ამიტომ უმჯობესია ეტაპობრივად ჩავრთოთ ამ პროგრამაში ადამიანები.“–აცხადებს რომანოზ ხომასურიძე.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებში რთული ფორმის 4 შემთხვევაა, თუმცა ინვაციურ კანქვეშ ინექციაზე ჯერ არ გადაუყვანიათ.
ჰემოფილიის ცენტრის ექიმი პედიატრ–ჰემატოლოგი თამარ ნადირაძე აღნიშნავს, რომ ემიციზუმაბის გამოყენება გარკვეული კრიტერიუმებით უნდა მოხდეს და არ შეიძლება ყველას გაუკეთდეს. საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევები და მონიტორინგი, ასევე მშობლის თანხმობა, რადგან ზოგიერთი სიახლეს მარტივად ვერ იღებს.
„არ უარვყოფ, რომ ნამდვილად კარგი მედიკამენტია, რომელმაც ასეთი ფართო გამოენება ჰპოვა, თუმცა ვფიქრობ უკეთესი იქნება გარკვეული დრო მონიტორინგს დაეთმოს, რომლისთვისაც საჭიროა ლაბორატორიული აღჭურვილობისა და მეთოდების დანერგვა, ამის შემდეგ კი ვიფიქროთ მედიკამენტის გამოყენებაზე ბავშვებში და შევარჩიოთ შესაბამისი კანდიდატი. ამას გარდა, უფრო თამამად გავცეთ რეკომენდაცია. ყველა ქვეყანას სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს რესურსებდან გამომდინარე. მედიკამენტის სანდოობაში დარწმუნებული არიან დიდ ბრიტანეთშიც, თუმცა მაინც აკონტროლებენ სიტუაციას, ისრაელიც პერიოდულად ახდენს ამ ინოვაციური მედიკამენტის მონიტორინგს. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ ბავშვებში ხშირია ტრავმები და მოზარდებთან შედარებით სხვანაირი მიდგომას საჭიროებენ,“– აღნიშნავს, თამარ ნადირაძე.
ცნობისათვის, ემიციზუმაბი წარმოადგენს პროფილაქტიკურ მკურნალობას კვირაში, ორ კვირაში ან ოთხ კვირაში ერთხელ კანქვეშა ინექციის გზით, რომლის წყალობითაც სისხლდენის ეპიზოდები მცირდება მინიმუმამდე. მისი უპირატესობა ისაა, რომ მედიკამენტი კეთდება კანქვეშ და ინექციებს შორის ინტერვალი არის საკმაოდ გაზრდილი.
„400–ზე მეტი პაციენტია აღრიცხვაზე, ეს არ ნიშნავს რომ კლასიკური ჰემოფილიითაა ყველა დაავადებული, ამაში შედის 285 პაციენტი რომელსად აქვს ჰემოფილია A ფორმა, მე–8 ფაქტორის დეფიციტი და ეკუთვნის კლასიკურ ჰემოფილიას, ასევე მე–9 ფაქტორის დეფიციტის მქონე – ჰემოფილია B, რომელიც აქვს 56 ადამიანს. შემდგომ მოდის სხვადასხვა ფაქტორები მე–7, მე–5, და ა.შ. სხვა დაავადებები, რომლებიც ასევე სისხლდენით მიმდინარეობს. კლასიკური მედიკამენტებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში 2000 წლიდან შედის, მოიხმარს ჰემოფილიის A და B ფორმები. აქედან A ფორმაში გვხვდება დაავადების ყველაზე მძიმე შემთხვევები. სწორედ ამ დროს გამოიყენება ეს ინოვაციური მედიკამენტი და მნიშვნელოვანია, რომ ერთი ინექციის მილიგრამობა განისაზღვრება პაციენტის წონის შესაბამისად.“– ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.
ცნობისათვის, 281 პაციენტიდან პროფილაქტიკურ მკურნალობას ექვემდებარება მძიმე ფორმები, რომელთა რაოდენობა 70–60–ია. ხოლო დანარჩენი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით. საშუალო და მსუბუქი ფორმის მატარებელთათვის პროფილაქტიკური მკურნალობა რეკომენდირებულია, მაგრამ ექიმები მის დანიშვნას არ ჩქარობენ, განსაკუთრებით ფრთხილები არიან ბავშვების მიმართს და მონიტორინგის აუცილებლობაზეც მიანიშნებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მიზეზად მედიკამენტის სიძვირე სახელდება და სახელმწიფო პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზეც საუბრობენ: „ფაქტია, რომ 4 პაციენტის კანქვეშა ინოვაციური მეიდკამენტით მკურნალობა 1 მილიონზე მეტი ჯდება, როდესაც დანარჩენი 281 პაციენტის ჯამში –3 მილიონამდე“.
ექიმი, ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი მთავარ პრობლემად, რის გამოც პროგრამა ვერ ფართოვდება, ფინანსებს და სიახლის მიმართ პაციენტის დამოკიდებულებას ასახელებს.
„ამ ეტაპზე 400 პაციენტიდან მძიმე პაციენტებში დაახლოებით 60 ადამიანი მოიაზრება, რომელთა გადაყვანა ინექციურ მკურნალობაზე დიდ ხარჯებს მოითხოვს. საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩაერთო 3 პაციენტი, რომელიც ძალიან მარტივად შეირჩა, რადგან მათ ინჰიბიტორული ფორმა ჰქონდათ. ახლახანს დაემატა მე–4 პაციენტი. ასევე, მთავარი მიზეზი, რატომაც არ კეთდება ინოვაციური მედიკამენტი ბავშვებში, არის ის, რომ ახალი პრეპარატია, მშობლებიც და პედიატრებიც ფრთხილობენ, მიუხედავად, იმისა რომ ამ მხრივ მსოფლიო პრაქტიკა უკვე არსეობობს და საკმაოდ წარმატებულადაც მიმდინარეობს,“– ამბობს ექიმი, ჰემატოლოგი.
მისივე თქმით, ამ წამალს ძირითადად საჭიროებენ ჰემოფილიის რთული ფორმის მქონე პაციენტები, რომლებზეც ჩვეულებრივი მედიკამენტი არ მოქმედებს და არაეფექტურია. ჯერჯერობით ყველა პაციენტის გადაყვანა კანქვეშა ინექციით მკურნალობაზე მწირი ბიუჯეტის გამო შეუძლებელია, ამასთან, მწვავე პრობლემა შესაძლოა ჯერ არ დგას, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთვის რთული იქნება, რადგან ხარჯებსაც ბევრად გაზრდის. ჰემატოლოგი პაციენტების ხსნას მაინც ინექციით მკურნალობაში ხედავს.
„იმის მიუხედავად, რომ კანქვეშა ინოვაციური მედიკამენტი 2018 წელს გამოვიდა მსოფლიო ბაზარზე და 2019 წელს უკვე შემოვიდა საქართველოში, ეს არ ყოფილა ექსპერიმენტალური მკურნალობა, რადგან პრეპარატს მინიჭებული ჰქონდა ავტორიზაცია და ოფიციალურად გამოიყენებოდა, მათ შორის ამერიკაში. ეს მედიკამენტი ისევე დადებითად მოქმედებს ჰემოფილიის იოლი ფორმით დაავადებულებზე, როგორც ინჰიბიტორულ შემთხვევებში, თუმცა განსხვავებაა ისაა, რომ მათ სხვა ალტერნატივა გააჩნიათ და შეუძლიათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმკურნალონ პროფილაქტიკური მედიკამენტებითაც. აღნიშნული მედიკამენტი შეძენა სახელმწიფო პროგრამის გარეშეც შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებულია, უხეშად რომ ვთქვა, 1 ინექცია $500 ჯდება, როდესაც თვეში 4 ინექციაა საჭირო,“–ამბობს ლევან მახალდიანი.
არჩილ კობაიძე ერთ–ერთია იმ 4 პაციენტიდან, რომელიც კანქვეშა ინექცას იკეთებს. როგორც თავად ამბობს 11 თვის იყო, როდესაც ჰემოფილიის დიაგნოზი დაუსვეს და იმ იშვიათ გამოკნაკლისს ეკუთვნის, როდესაც გენური მუტაცია ხდება, რადგან ოჯახის არცერთ წევრს ჰქონია ჰემოფილია. არჩილი 19 წლის ასაკში ჩაერთო ინოვაციური მკურნალობის პროგრამაში, რის შემდეგაც რადიკალურად შეიცვალა მისი ცხოვრება. ახლა უკვე 21 წლის არის და აქტიურადაა დაკავებული სპორტით, რაც ემიციზუმაბის გამოყენებამდე შეუძლებელი იყო.
„ვმკურნალობდი სტანდარტული საშუალებებით, მაშინ როდესაც ამის საჭიროება დადგებოდა, თორემ პროფილაქტიკური მიზნით მკურნალობის ფუფუნება არ არსებობდა. ვენაში მიკეთებდნენ წამალს, რაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ყოველ ჯერზე ვითარდებოდა სისხლჩაქცევა. როდესაც შემოვიდა ეს პრეპარატი, ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა მე და ჩემს ოჯახს, სრულიად ვენდობი ჩემს ექიმს, ლევან მახალდიანს და ამ მხრივ ძალიან მშვიდად ვიყავით, ეჭვი არ შეგვიტანია, რომ ასეთ მკურნალობას რაიმე ცუდი შედეგი მოჰყვებოდა. ემიციზუმაბის პირველი ინექციის გაკეთების შემდეგ რამდენიმე დღეში უკვე მქონდა დადებითი შედეგი, სისხლჩაქცევა და მუხლზე შესიება მეორე დღესვე გამიქრა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ჩემს შემთხვევაში არაფერი სერიოზული არ გამოვლენილა. პროგრესი დღემდე გრძელდება, თავს ვგრძობ მხნდედ და მას მერე სისხლჩაქცევა არ გამჩენია. კლინიკიდან მომაქვს 1 თვის დოზა და სახლში ვიკეთებ ინექციას, სულ რაღაც 15 წუთში. ძალიან კაგი შესაძლებლობაა, ისეთი მძიმე პაციენტებისტვის როგორიც მე ვიყავი, კარგი იქნება გაფართოვდეს პროგრამა და ბავშვებშიც დაიწყოს ინექციით მკურნალობა, რადგან ისეთი რთული ბავშვობის გავლა არ მოუწიოთ, როგორიც მე მქონდა,“– პროფილაქტიკური მკურნალობის მნიშვნელობასა და მის ეფექტურ შედეგებზე საუბრობს არჩილ კობაიძე.
როგორც ჰემოფილიის ასოციაციაში ამბობენ, პრობლემად რჩება ინტრავენური მოხმარების მედიკამენტი, რადგან რეგიონებში და სოფლებში არ არის ხელმისაწვდომი და კომფორტულ გამოსაყენებელი, იმ მხრივ, რომ წამლის ვენაში გაკეთება გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. თუმცა ის ფაქტი, რომ პრეპარატი არსებობს ეს უკვე უდიდესი მიღწევა.
„2019 წელს შემოსულმა მედიკამენტმა, რა თქმა უნდა მლიანად ვერ შეცვალა ინტრავენული პრეპარატი, თუმცა გაჩნდა საშუალება და გაიზარდა ინექციებს შორის ინტერვალი, პაციენტი ყოველდღიურად აღარ საჭიროებს ინექციას და იკეთებს კვირაში ერთხელ, პროტოკოლის შესაბამისად, “–აღნიშნავს, ასოციაციის პრეზიდენტი.
საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული, ხოლო მსოფლიოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დღეს, ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად მიღწევადია ცხოვრება სისხლდენის გარეშე. მკურნალობის მიზანი უნდა იყოს 0 სისხლდენა და არა უკვე არსებული სისხლდენის დროებითი შეწყვეტა-შეჩერება. ყველა პაციენტი იმსახურებს სრულფასოვან ცხოვრებას, რაც დღეს უკვე შესაძლებელია პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად. საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო სხვადასხვა მედიკამენტით აფინანსებს, მათ შორის არის ინოვაციური მედიკამენტი – კანქვეშა ინექცია, რომელიც ეფუძნება პროფილაქტიკური მკურნალობის მიდგომას, რაც შესაძლებელს ხდის ცხოვრებას სისხლდენის გარეშე.