მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » Top-3 პროდუქტი აფთიაქებიდან, რომლებსაც მომხმარებლები Glovo-ს უკვეთავენ

Top-3 პროდუქტი აფთიაქებიდან, რომლებსაც მომხმარებლები Glovo-ს უკვეთავენ

მიტანის სერვისის საჭიროება  განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დადგა. საკმაოდ მოთხოვნადი გახდა მედიკამენტების ონლაინ მიწოდებაც.  როგორ მიიღო ბაზარმა ეს სერვისი, მზარდია თუ არა აღნიშნული სეგმენტი და რა პერსპექტივა აქვს, jandacva.ge-ს  Glovo-ში  ესაუბრნენ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ მედიკამენტების ონლაინ შესყიდვის და მიტანის სერვისი ჯერ კიდევ პანდემიამდე დანერგეს, თუმცა, მომხმარებელმა მისი აქტიურად გამოყენება პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო. სერვისის ღირებულება სტანდარტულია, ტრანსპორტირების საფასური ამ შემთხვევაშიც 3 ლარს შეადგენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის დასაწყისში აფთიაქებიდან მედიკამენტების მიწოდება უფასო იყო, ანუ შესყიდული პროდუქტის ფასს არ ემატებოდა  ტრანსპორტირების საფასური.

Glovo-მ მედიკამენტების ონლაინ შესყიდვის და მიწოდების სერვისი ერთ წელზე მეტია რაც დაიწყო. პიკი კი პირველი ლოქდაუნის დროს იყო, როდესაც ხალხი სახლიდან ვერ გამოდიოდა. ახლა მოთხოვნა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა სეგმენტი ზრდადია,“-აცხადებენ კომპანიაში.

კითხვაზე, აქვს თუ არა  1 წლის წინ  ამოქმედებულ მიმართულებას ხარვეზები და რამდენად სწრაფად აწვდიან მომხმარებელს მედიკამენტებს, glovo-ში განმარტავენ, რომ მიწოდების მაქსიმალური დრო ნახევარი საათია.

„ხანდახან პრობლემაა სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების მცირე ონლაინ ჩამონათვალი, ანუ არ არის იმ რაოდენობით, რაც რეალურად ქსელშია. ძირითადი პრობლემაა ხოლმე ის, რომ მომხმარებლები გარკვეული ტიპის წამლებს ბაზაში ვერ პოულობენ. დელივერიზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს,“-აცხადებენ კომპანიაში.

Glovo  თითქმის ყველა საქართველოში წარმოდგენილ ბრენდულ სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობს. მათ შორის, „ავერსთან“, „პეესპესთან“, ჯიპისისთან“, „ფარმადეპოსთან“ და სხვ.

„ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიციები მოვიზიდეთ და სამომავლოდ, ვფიქრობთ, რომ ყველა მიმართულებით  კიდევ უფრო გავაქტიურდებით და განვვითარდებით. მათ შორის, მედიკამენტების ონლაინ მიწოდების სერვისის კუთხითაც“-აცხადებენ Glovo-ში.

კომპანიის განცხადებით, ამჟამად Glovo-ს ჯამში 250 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. 2019 წელთან შედარებით კი ბაზარი 75%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მოთხოვნად სამ პროდუქს, გლოვოში ამბობენ, რომ ესენია: პამპერსი, პრეზერვატივი და პირბადე.

ზოგადად კი, კომპანიის გაყიდვებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროდუქციას 4% უკავია, უდიდესი წილი 70% კი საკვებზე მოდის.

სოფო ქსოვრელი

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …