ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს სოლომონ პავლიაშვილს ვესაუბრეთ.
„როგორც წესი, მონოპოლიური მდგომარეობა იქმნება ხოლმე პატარა ქვეყნებში, სადაც ბაზარიც პატარაა და დიდი მოთხოვნაც არ არის. სამწუხაროდ, მონოპოლიის ნიშნები შეინიშნება ცვენს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენთან არსებობენ კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ ფარმაცევტული საწარმოები, სამედიცინო დაწესებულებები, სააფთიაქოქსელები და ინტერესები სადაზღვევო კომპანიებში. მსგავსი ფაქტები დასჯადია ევროპის ქვეყნებში. ფაქტობრივად, ადამიანის მთელი სასიცოცხლო რგოლი დაკავშირებულია ერთსა და იმავე კომპანიასთან. ეს უკვე ქმნის მონოპოლიას“, – აცხადებს პავლიაშვილი.
მისი აზრით, ასევე საეჭვოა ის ფაქტი, რომ ამდენი წლის მანძილზე ერთ ბაზარზე მოქმედების პირობებში ფარმაცევტულ ბაზრის მთავარი ფიგურანტები სრულიად მშვიდად „თანაცხოვრობენ“.
„მე არავის მოვუწოდებ ჩივილისკენ და სასამართლო ჩარევისაკენ, თუმცა მსოფლიოში ბევრია მაგალითი, როდესაც ერთ სფეროში მოქმედი მსხვილი კომპანიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ასეთი შემთხვევა იყო ცოტა ხნის წინ ევროპაში სატრანსპორტო კომპანიებს შორის. ჩვენთან ასე არ ხდება.
შესაძლებელია, ჩვენთან მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს სულაც არ ხვდებიან ფასების და ფასნამატის განსასაზღვრად, თუმცა მათ დანაწილებული აქვთ ნიშები, ანუ გარკვეული ტიპის მედიკამენტები შემოაქვს ერთ კომპანიას, ხოლო დანარჩენი მეორეს“, – მიიჩნევს პავლიაშვილი.
პავლიაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ანტიმონოპოლიური სამსახური იქმნებოდა, ყველას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ ის გაამართლებდა.
„რეალურად, ანტიმონოპოლიური სამსახური არ უნდა ასრულებდეს დამსჯელობით საქმიანობას. ის უნდა ახორციელებდეს პრევენციას, რომ თავიდან აიცილოს მონოპოლიის ჩამოყალიბება. უნდა არსებობდეს ბევრი პრეცედენტი, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოავლინა და დააჯარიმა ესა თუ ის კომპანია და შესაძლებელია, რომ მონოპოლიის საფრთხეც შემცირდეს“, – მიაჩნია სოლომონ პავლიაშვილს.
მისი თქმით, ზოგადად, დემონოპოლიზაციის პროცესი არ უნდა იყოს ერთჯერადი. სახელმწიფოს მხრიდან ეს პროცესი მუდმივად, უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. „არსებობს ისეთი მონოპოლია, რომელსაც თავად სახელმწიფო უწყობს ხელს. მაგალითად, ის შეზღუდული პასუხისმგებლობის სააგენტოები, რომლებიც, რეალურად, სახელმწიფოსგან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ ფულს ერთი ჯიბიდან მეორეში ვიდებთ.
სახელმწიფოს შეუძლია, გამოაცხადოს ტენდერი და კერძო კომპანიას მიანდოს საქმის გაკეთება. თუმცა ამის სანაცვლოს ის საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას ქმნის, ამით არათანაბარ ვითარებაში აყენებს კომპანიებს და ხელს უწყობს მონოპოლიების წარმოქმნას. ასევეა, როდესაც სახელმწიფო რომელიმე კომპანიას გადასცემს წარმოების ექსკლუზიურ, მრავალწლიან უფლებას, ამით იჩაგრება სხვა კომპანია, იზღუდება თავისუფალი ბაზრის პრინციპი და ჩნდება მონოპოლიის ჩამოყალიბების საფრთხე.
თუ გადავხედავთ ასოცირების ხელშეკრულებას, იქ ნათლადაა მითითებული, რომ საქართველო ვალდებულია ანტიმონოპოლიური და თავისუფალი ბაზრის პრინციპის რეგულაციებით ედარებოდეს და აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ამ მხრივ აუცილებელია ქმედითი და დროული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.