მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ნებისმიერი პროგრამა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება, ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანია
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში მკურნალობას 10 000 ადამიანი გადის.

ნებისმიერი პროგრამა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება, ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანია

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში მკურნალობას 10 000 ადამიანი გადის. ეს პროგრამა ჯანდაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი რომ არის, ამაზე ყველა თანხმდება.

თუმცა, პროგრამას ასევე დადებითად აფასებენ ეკონომისტები და მის ეკონომიკურ ეფექტზე საუბრობენ. როგორც ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა აცხადებს, ნებისმიერი პროგრამა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება, ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანია.

„თქვენ იცით რომ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ დაბალია. წლების მანძილზე სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობის შედეგად მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი შრომის უუნარო გახდა.

ამიტომ, ნებისმიერი მსგავსი პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის შრომისუნარიანობის აღდგენისკენ, არის დამატებითი მუშა ხელის ჩართვა ეკონომიკურ პროცესებში. ეს კი, თავის მხრივ, ყოველთვის იძლევა დამატებით შემოსავალს, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის ისე მოსახლეობისთვის.

თუმცა, შრომით ბაზარს თუ განვიხილავთ, აქ სიტუაცია უფრო მარტივადაა. საქმე ის არის, რომ საქართველოში C ჰეპატიტი არ არის იმ დონეზე გავრცელებული, რომ ამ დაავადების მატარებელი შრომით ასაკში მყოფი მოსახლეობის გამოკლება ეკონომიკური ბრუნვიდან, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყოს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ზოგადად, ჯანდაცვის მსგავსი პროგრამები დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დადებითად აფასებს სტატისტიკოსი და ეკონომიკის ექსპერტი იოსევ არჩვაძეც. მისი განმარტებით, პროგრამას მრავალმხრივი ეფექტი ექნება, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის კუთხით.

„მიმაჩნია რომ პროგრამას მრავალმხრივი ეფექტი ექნება, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, შრომისუნარიანობა და სოციალური აქტივობა გაიზრდება.

მაგრამ აქ პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზეც შეიძლება საუბარი, ვინაიდან ოჯახებს დაეზოგებათ ის თანხა, რაც მათ უნდა გაეღოთ და ხშირ შემთხვევაში ამის საშუალება არ ქონდათ, ხშირად კი უხდებოდათ თანხების სესხებაც.

ასევე, აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, – მკურნალობის პროცედურების და მკურნალობის წინა გამოკვლევების დროს, ჩვენი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ერთიორად ამაღლდება, ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ისევ პაცინეტებისთვის. რეალურად, ამ პროგრამის დადებით მხარეებზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ.

რაც შეეხება შრომით ბაზარს აქ მე გარკვეულ დისბალანსს არ ველოდები, ვინაიდან ჩვენ ეკონომიკური მიმართულებით იმდენი გამოწვევა გვაქვს და ჩვენს ეკონომიკაზე იმდენი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომ ამ პროგრამას რაღაც დისბალანსის შეტანა შრომით ბაზარზე არ შეუძლია. მარტივად რომ თქვათ, ამ პროგრამით გამოწვეული დადებითი ფაქტორი იმხელაა, რომ აქ რაღაც უარყოფითზე საუბარი, ჩემი აზრით, ზედმეტია“,– აღნიშნა არჩვაძემ.

bfm.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …