გიორგი კაპანაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სამედიცინოსთან ერთად, დიდი ეკონომიკური ეფექტიც გააჩნია.2015 წლის აპრილიდან საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს.
პროგრამა გულისხმობს ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის უფასო მკურნალობას და პოტენციური დაავადებულებისათვის ნაწილობრივ დაფინანსებულ გამოკვლევებს.
პროგრამის მიმდინარეობას გამოეხმაურა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ. მისი თქმით, პროგრამა იმ ტემპებით მიმდინარეობს, რაც თავდაპირველად იყო გაწერილი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის წარმატებით დასასრულებლად.
„მოგეხსენებათ, სანამ ეს პროგრამა საქართველოში დაიწყებოდა, ის ეგვიპტეში მიმდინარეობდა. ეგვიპტე მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ამ დაავადების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით. თუმცა, ამ ქვეყანაში ეს პროგრამა ბოლომდე ვერ განხორციელდა რამდენიმე მიზეზის გამო.
მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ ვადებში ვერჩატევა, ანუ ის ბენეფიციარები, ვინც პირველ ნაკადში იყვნენ და კურსი გაიარეს, გამოჯანმრთელების შემდეგ ხელახლა ავადდებოდნენ. ანუ პროგრამა იწელებოდა ფაქტობრივად უსასრულოდ, თავის მხრივ, ამის მიზეზი კი იყო დაავადების პრევენციის ფაქტობრივად არარსებობა”, – აღნიშნავს კაპანაძე.
მისი თქმით, პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მთავარია სწორედ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ანუ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ახალი დაავადებების კერა აღარ გაჩნდეს და მკურნალობის პროცესში ამ საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა იყოს.
„ასევე მინდა შევეხო უშუალოდ მედიკამენტის თემასაც, ვინაიდან გარკვეულ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მედიკამენტი სატესტო რეჟიმშია და ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. ანუ იქმნება მოსაზრება, რადგან ეს სატესტო პროგრამაა, თითქოს ეს ნიშნავს, რომ ტარდება მედიკამენტის გამოცდა.
ითქვა ბევრჯერ, ითქვა პასუხისმგებელი პირების და კომპეტენტური მედიკოსების მხრიდანაც, რომ არამც და არამც ეს ასე არ არის და რომ მედიკამენტი 100%-ით უკვე გამოცდილია. უბრალოდ, სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს თავად ეს პროგრამა და ნეგატივის გამოგონებით და შემდგომ მისი ტირაჟირებით დაინტერესებული ესა თუ ის მხარე სიტყვების თამაშით ცდილობს გაღიზიანების გამოწვევას მოსახლეობაში”, – აღნიშნავს კაპანაძე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ასევე პასუხობს „ხშირად დასმულ” კითხვას იმის შესახებ, თუ რის სანაცვლოდ იღებს ამ „საჩუქარს” საქართველო.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანად მთავრობის სერიოზული წარმატებაა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება სწორედ საქართველოში გადაწყდა და მოხერხდა. გარდა წმინდა წყლის სამედიცინო ეფექტისა, ამ ფაქტს აქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი.
ათასობით ოჯახი, რომელთა წევრიც ინფიცირებული იყო და არის ამ ვირუსით, ამ პროგრამის დაწყებამდე, ან უბრალოდ ვერ ახერხებდა ძალიან ძვირადღირებული კურსის დაფინასებას, ან „უკეთეს” შემთხვევაში, უწევდა სახლ-კარის გაყიდვა ან დაგირავება და ამ თანხით ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, ესეც იმ ბედნიერ შემთხვევაში, თუ სახსრები მკურნალობის ბოლომდე ჩასატარებლად საკმარისი აღმოჩნდებოდა.
C ჰეპატიტთან საბრძოლველად, დღეს ასეთი ეკონომიკური ბარიერები უბრალოდ აღარ არსებობს და ეს ძალიან დიდი შვებაა ათასობოთ ოჯახისთვის”, – აცხადებს გიორგი კაპანაძე. „ბიზნესში არსებობს კორპორაციულ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აქტივობები, „გილიარდის” მხრიდან ეს ნაბიჯი სწორედ ამის მაგალითია”, – განაცხადა კაპანაძემ.